უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. დაწყებულია გამოძიება, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც პარკის შადრევანში მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. მისი თქმით, პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო კომპანია “გრინ სერვისი” .
კალაძის თქმით, პროექტი შემოწმებული იყო. კითხვაზე, ხედავს თუ არა მერიის პასუხისმგებლობას მომხდარში, კალაძეს ზოგადი პასუხი აქვს – “უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი” – ამბობს თბილისის მერი.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა.
ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.