13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.
როგორც “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, თბილისის მერი, კახი კალაძე არ გადადგება, რადგან ამისთვის “ნებართვაა საჭირო”.
https://www.facebook.com/japaridzez/posts/pfbid02kWz7QkrEaLfu7gnNWzwmGessTuwBUrohmPYukjdPbTsVVpYoBoqaF4WFBvMmJ1K2l
ხოლო, როგორც პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წერს, პოლიტიკოსების მხრიდან ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს.
https://www.facebook.com/Llaka/posts/pfbid0AZbnmGcYibBssGCoiCP7znk39EXzURoAyXY2vgWVq1mUVjExWimUG7PTmsrALEdPl
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით კი, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კახა კალაძემ ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა და იმ პოზიციაზე მუშაობა, რომელზეც იმყოფება.
“კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, უმძიმესი ტრაგედიაა. საკმაოდ რთულია ამ ტრაგედიის ფონზე ერთი მხრივ, საკანონმდებლო და მეორე მხრივ, პასუხისმგებლობის საკითხებზე ისაუბრო. უნდა გვახსოვდეს, რომ დღესაც 2 ბავშვი კლინიკაში იმყოფება, მკურნალობას გადის და მათ გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ. როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგას. ბრალეულობა ვისაც მიუძღვის ყველამ პასუხი უნდა აგოს და ამას სჭირდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება. მეორე მხრივ, სისტემურ ჩავარდნებზე ბევრჯერ გვისაუბრია, როცა შევქმენით პარტია ამით დავიწყეთ, როცა ნეპოტიზმი და კორიფცია სისტემურ გამოწვევად გაქვს, მძიმე შედეგებამდე მიდიხარ, ეს გარდაუვალია, რადგან საქმე კეთდება უხარისხოდ. ჩვენ გვჭირდება იმის დანახვა, რომ გვაქვს პრობლემები მართლმსაჯულებაშიც, კორუფციის მიმართულებითაც და ამას სჭირდება არა სირაქლემას პოზაში დადგომა, არამედ ამ პრობლემების აღიარება და მათი გადაჭრა. თუ სრულად ძალაუფლების შენარჩუნებაზე ხარ გადართული, სისტემას ვერ გააჯანსაღებ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ჩემთვის წარმოუდგენელია, ბატონმა კალაძემ როგორ შეიძლება ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა და იმ პოზიციაზე მუშაობა, რომელზეც იმყოფება.
„ეს არის სახელმწიფოს ჩავარდნა. როცა გაქვს სისტემურ ჯაჭვში ყველგან ჩავარდნა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განცდა აღარავის აქვს, რადგამ სისტემა არ იმართება კანონის საფუძველზე, არამედ იმართება სახელისუფლებო პარტიის მიმართ მორჩილების საფუძველზე. ამიტომ არის საჭირო ყველაფერზე დროული რეაგირება. ამ ყველაფრის ყველაზე კარგი წამალია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ამოძირკვავს კორუფიულ, ნეპოტიზმის რისკებს და სახელმწიფო გამართულად იმუშავებს. მე ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს ჩავარდნაა”, – განაცხადა დაუშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.
ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.
ამ ეტაპზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ერთი მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ხოლო მეორე არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო გადაყვანეს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა კი განაცხადა, რომ შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა.
ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.