ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

578

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ბავშვი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სახლში დღეს გაეწერა.

კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.