თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
როგორც მან განმარტა, ამ დრომდე შადრევანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა”,-განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა.
ცნობისთვის შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.