ადამიანების დაუდევრობით, ზერელე მიდგომით ხდება ასეთი ტრაგედიები – გორის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

335

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩვენ ვართ ბევრჯერ გულგრილები, ბევრჯერ უპასუხისმგებლოები, დაუდევრები – ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე, თამარ მურალოვა თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

დეპუტატი ყველას, “მუშიდან დაწყებული ყველა პასუხისმგებელი პირით დამთავრებული” სინდისსა და მორალზე დაფიქრებას ურჩევს,

“უბედურება მოხდა, აუწერელი ტრაგედია, მთავარი უბედურება კიდევ ის არის, რომ პრობლემა ჩვენშია, ადამიანების დაუდევრობით,ზერელე მიდგომით ხდება სწორედ ასეთი ტრაგედიები. რამდენმა ადამიანმა ჩაიხედა ნეტა თავის გულში რამდენჯერ მიფუჩეჩებული, არაუშავს საქმის გამო.  ჩვენ ვართ ბევრჯერ გულგრილები, ბევრჯერ უპასუხისმგებლოები, დაუდევრები, არ ვიცი რა სახელი დავარქვა რის თქმაც მე მინდა. მორალი და სინდისი მითხარი, მუშიდან დაწყებული ყველა პასუხისმგებელი პირით დამთავრებული, თორემ ყველას კახი კალაძე თავზე ვერ დაადგება და არც უნდა დაადგეს. თუ ვინმეს გვეტკინა გული, თუ ვინმეს არ უნდოდა ეს მომხდარიყო კახია, მაგრამ ვიღაცის დაუდევრობამ ქნა ეს. ზოგიერთ დაუმთავრებლებს კიდევ, ასეთ დროს მაინც შეინარჩუნეთ ადამიანის სახე”, – წერს მურალოვა.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.

ამ ეტაპზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ერთი მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ხოლო მეორე არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო გადაყვანეს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.