ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები

99

პროექტის ძირითადი მიზანი ქალაქ თელავის ერთ-ერთი ისტორიული, დღეს თითქოს ფუნქციადაკარგული, მაწანწრის უბნის წარსულისა და დღევანდელობის კვლევა იყო, ასევე, მისი სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობის დაწყების წახალისება, ადგილობრივი მოსახლეობის
ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით. ანუ პროექტი სათემო განვითარების ცენტრის სამუშაო პროფილის რამდენიმე კომპონენტს აერთიანებდა: სათემო კვლევებსა და თემის თვითორგანიზების მხარდაჭერას. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი (ისტორიული, სოციოლოგიური და მწვანე სივრცეების) კვლევა და რამდენიმე მცირე ფორმატის (პანდემიის შეზღუდვების გათვალისწინებით), არაფორმალური საუბნო შეხვედრა-დისკუსია; ასევე ჩაიწერა 40-მდე ინტერვიუ უბნის მცხოვრებლებთან და შეგროვდა საოჯახო არქივებში დაცული ფოტომასალის დიგიტალური ასლები.

თელავი მთლიანად და მისი ძველი უბნები, მათ შორის, მაწანწარა, უაღრესად საინტერესო და ამოუწურავი შეიძლება იყოს სხვადასხვა დარგის მკვლევრებისათვის. არც ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ უბნის ისტორიის და დღევანდელობის კვლევის პროცესში კიდევ უამრავი ამბავი თუ პიროვნება დარჩა აღმოსაჩენი. აქ, ამ ისტორიულ უბანში, ალბათ, თითოეულ ოჯახში ინახება უნიკალური გამოცდილება და ცოდნა.

ცხადია, ვერც დროის სიმცირის გამო და მით უმეტეს, ვერც პანდემიის ფონზე, ყველას ვერ მივწვდებოდით. თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩატარებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევები საკმარისია მაწანწრის უბნის უახლესი ისტორიის აღსადგენად, უბანში დღეს არსებული მთავარი პრობლემების გასაანალიზებლად და უბნის სამომავლო განვითარებაზე, მის მწვანე, კულტურულ თუ ტურისტულ პოტენციალზე ფიქრის დასაწყებად.

აქვე უნდა ითქვას, რომ მაწანწრის უბნის საზღვრებთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებს შევხვდით. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მაწანწარად ე.წ. „ხიდიდან-ხიდამდე“ (იგულისხმება ვარდისუბნის ხიდიდან მაწანწრის ხიდამდე) ტერიტორიას მოიაზრებს, ნაწილი კი ვარდისუბნის ხიდიდან თელავის ხევამდე მონაკვეთს. კვლევის ძირითად ფოკუსში, მართალია, ძირითადად, სწორედ პირველი – ხიდიდან დაბახნებამდე ტერიტორია მოხვდა, თუმცა, თხრობა მაინც შეეხება ი. ჭავჭავაძის ქუჩის მთლიან მონაკვეთს (ვარდისუბნის ხევიდან – თელავის ხევამდე), და დაბახნებსაც,
რადგან ეს ტერიტორია ერთი სოციალური და კულტურული მთლიანობაა და, შესაბამისად, მაწანწარა აქ უფრო ფართოდ, მეზობელ უბნებთან ურთიერთკავშირითაც განიხილება.

ეს პერიოდი (2020-2022 წლები) გახლდათ ერთგვარი საცდელი მუშაობა, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიისას დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო, დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ამის მიუხედავად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხერხდა თითქმის ყველა დაგეგმილი კომპონენტის შესრულება და ვფიქრობთ, პროექტის პირველადი შედეგები არაერთი ადამიანისათვის, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებისათვის იქნება საინტერესო და შთამაგონებელი. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ მაწანწრის უბნის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში სწორედ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მოიაზრებენ თავს და თავიანთ აგურს დადებენ იმ საერთო საქმეში, რასაც ქალაქის განვითარება ჰქვია. ქალაქი კი, ჩვენთვის სწორედ ჩვენი ქუჩიდან იწყება. ცხადია,
ლომის წვლილი უბნის განვითარებაში მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევაზე, სათემო თვითორგანიზებაზე უნდა მოდიოდეს.

თავის მხრივ, სათემო განვითარების ცენტრიც, მაწანწრის უბანში წამოწყებულ ამ ერთგვარ „სამეზობლო ინიციატივას“, გრძელვადიანი პროგრამის ნაწილად, მის საწყის ეტაპად განიხილავს და იმედოვნებს, რომ 2020-2022 წლებში გაწეულ ძალისხმევას სამომავლოდ არაერთი სასიკეთო საქმე და ინიციატივა დაეშენება, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მაწანწრის უბნის განვითარებას და აქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. საამისოდ კი, მნიშვნელოვან ფუნდამენტს, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებიც შექმნის.

იხილეთ კვლევა სრულად – ინიციატივა ცვლილებისათვის – ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები. თელავი