2023 წლიდან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი ხდება

546

2023 წლის 16 იანვრიდან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი ხდება. საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, გარდა უკვე განსაზღვრული კატეგორიებისა. გადასახადი ერთი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფასურის გადახდისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თიბისის ბარათი და ასევე, სატრანსპორტო ბარათი. მისი აღება მსურველებს თიბისის თელავის ფილიალსა და თელავში მდებარე “სპარის” და “დეილის” ქსელურ მარკეტებში. ბარათის აღება ფასიანია და 2 ლარი ღირს და მისი შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.

“შეღავათით მოსარგებლე პირებს სატრანსპორტო ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია”, – აცხადებენ მერიაში.

მგზავრობის საფასურის 50%–იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ კატეგორიებს: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; ა(ა)იპ “თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის” ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები.