“ქამრებშემოჭერილი” სამცხე-ჯავახეთი – რამდენი აქვთ ანაზღაურება რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს წევრებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, droa.ge დაინტერესდა, როგორია სახელფასო ანაზღაურება სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.

როგორც ცნობილია, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” ახალი კანონი ძალაში 2017 წლის ბოლოს შევიდა. სწორედ ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უწყებებს საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები შესაბამისობაში 2018 წლის 20 იანვრამდე უნდა მოეყვანათ.

ამ პროცესს ხმაური თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოჰყვა – ოპოზიცია ხელისუფლებას ხელფასების მომატებაში ადანაშაულებდა, ხელისუფლებას კი არგუმენტად, ცხადია, ყველგან ახალი კანონი მოჰყავდა.

თუმცა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელშიც დაპირისპირებამ კრიტიკულ ნიშულს მიაღწია და კრიზისი დღემდე გრძელდება. წარმომადგენლობითმა ორგანომ მერიას საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დოკუმენტი უკან უკვე მეოთხედ მიუბრუნა. მოგეხსენებათ, აქ საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია, უმცირესობას კი ხელისუფლება წარმოადგენს, მერი კი “ქართული ოცნების” წევრია.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ანაზღაურება სხვადასხვაა, თუმცა, ამჯერად, ყურადღებას იმ რეგიონზე შევაჩერებთ, სადაც ეს საკითხი, ბორჯომის წყალობით, ყველაზე აქტუალური გახდა.

მთავარი საერთო, რაც დოკუმენტების გაანალიზებისას აღმოვაჩინეთ, ის გახლავთ, რომ მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების, აგრეთვე, მათი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოები, მცირე გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად იდენტურია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტებმა, ვიდრე კანონმდებლობა თანამდებობრივი სარგოების ახლებურად განსაზღვრას დაავალდებულებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 3 თვის განმავლობაში, ხელფასები არაერთხელ შეცვალეს.

რამდენჯერ შეიცვალა ხელფასები ახალციხის მერიაში?

ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები ხუთჯერ შეიტანა და მერს ხელფასის ოდენობა ოთხჯერ შეუცვალა.

ახალციხის საკრებულომ დადგენილებაში პირველი ცვლილებები უფლებამოსილების ცნობიდან 8 დღეში შეიტანა. 2017 წლის 22 ნოემბრის N14 დადგენილებით, მერის ხელფასი 2750 ლარით განისაზღვრა, მერის პირველი მოადგილის – 2550-ით, მერის მოადგილის კი – 2050. აქვე დადგინდა საჯარო მოხელეების ხელფასები შესაბამისი რანგირების მიხედვით. I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ანუ სამსახურის უფროსს – 1490 ლარი, გამონაკლისია ორი სამსახურის – ზედამხედველობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურების უფროსები, რომლებსაც 1750 ლარი განესაღვრათ. II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ანუ განყოფილების უფროსს – 900 ლარი. აქაც გამონაკლისი იგივე სამსახურების განყოფილების უფროსებია, რომლებსაც 1250 ლარი განესაზღვრათ.

III რანგის I კატეგორიას – 580 ლარი, II კატეგორიას – 560 ლარი, ხოლო III კატეგორიას 550 ლარი განესაზღვრათ.

რაც შეეხება მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ანუ ე.წ. სოფლის რწმუნებულებს, ისინი შტატგარეშე თანამშრომლებად არიან აყვანილები და ამ დადგენილებით, ხელფასი 1250 ლარით აქვთ განსაზღვრული, მათ ასისტენტებს კი – 580 ლარით.

მერიას სხვა შტატგარეშე თანამშრომლებიც ჰყავს – მერის თამაშემწე – 1250 ლარი, მერის და მისი მოადგილის მდივან-რეფერენტები – 580 ლარი, მერის მძღოლი – 1110 ლარი, მერიის კონსულტანტი – 1300 ლარი, მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში – 1700 ლარი, მრჩეველი ეკონომისკის საკითხებში – 1450 ლარი, IT სპეციალისტი – 1200 ლარი.

ამ დადგენილების თითქმის იდენტურია შემდეგი დადგენილებაც (N20), რომელიც საკრებულომ 9 დღეში – 2017 წლის 1 დეკემბერს მიიღო. ამ დადგენილებით მერის, მისი მოადგილეების, სხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ხელფასები იგივე დარჩა და მცირედით შეიცვალა თავად საშტატო ნუსხა.

კიდევ ერთი დადგენილება (N26) ახალციხის საკრებულომ 15 დღეში – 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო. დადგენილების ანალიზიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერს ხელფასი 100 ლარით შეუმცირდა და 2650 ლარით განისაზღვრა, ხოლო მოადგილეებს იგივე ხელფასი დარჩათ. შეიცვალა ზედამხედველობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურების უფროსების ხელფასებიც და ის სხვა სამსახურების უფროსების ხელფასს – 1490 ლარს გაუთანაბრდა. ხელფასი დააკლდათ ამავე სამსახურების განყოფილების უფროსებსაც და ის სხვა განყოფილების უფროსების ხელფასს – 900 ლარს გაუთანაბრდა.

მთავარი სიახლე, რაც ამ დადგენილებაში გვხვდება, ისაა, რომ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, უშტატო თანამშრომლებიდან, შტატში გადაიყვანეს და II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად დანიშნეს, თუმცა, ანაზღაურება იგივე – 1250 ლარი დარჩათ. შტატიან თანამშრომლებად გადავიდნენ წარმომადგენლების ასისტენტებიც, რომლებიც III რანგის I კატეგორიის მოხელეები გახდნენ. დადგენილების თანახმად, მათი ხელფასიც იგივე დარჩა – 580 ლარი. დადგენილებიდან, ასევე, ირკვევა, რომ მერს 1450-ლარიანი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში აღარ ჰყავს, თუმცა, ხელშეკრულებით მერიამ კიდევ ერთი მძღოლი აიყვანა, რომლის ხელფასიც 850 ლარით განისაზღვრა.

მორიგი დადგენილება (N12) ახალციხის საკრებულომ არასრულ 1 თვეში – 2018 წლის 12 იანვარს, ანუ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მიიღო და მერს წინა დადგენილებით 100 ლარით შემცირებული ხელფასი ისევ 2750 ლარამდე გაუზარდა. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ხელფასი კი კვლავ იგივე – 2550 და 2050 ლარი დარჩა.

ხელფასი გაეზარდათ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც და მათი ხელფასი, 1250 ლარის ნაცვლად, 1300 ლარი გახდა. ისინი III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტები გახდნენ. შეიცვალა მერის წარმომადგენლების ასისტენტების ხელფასებიც, მათ ნაწილს, რომლებიც III რანგის II კატეგორიის უფროს სპეციალისტებად გაფორმდნენ, ხელფასი 20 ლარით გაეზარდათ და 600 ლარი გაუხდათ, ხოლო ნაწილს, ვინც IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები გახდნენ, ხელფასი 80 ლარით შეუმცირდათ და 500 ლარი დაენიშნათ.

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, წინა დადგენილებით განსაზღვრული პირები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მათ, ასევე, დაემატა მერის მოადგილის მდივან-რეფერენტი, რომელსაც ხელფასის სახით 580 ლარი დაენიშნა.

ზუსტად 10 დღეში – 2018 წლის 22 იანვარს, ახალციხის საკრებულომ კვლავ განიხილა მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები და N13 დადგენილებით, ახალი სარგოები განსაზღვრა. აღმოჩნდა, რომ მერს ისევ გაეზარდა ხელფასი და თუ 10 დღით ადრე მისი ანაზღაურება 2750 ლარით განისაზღვრა, ამჯერად მას 750 ლარით მეტი – 3500-ლარიანი ხელფასი დაენიშნა. ანაზღაურება არ გაზრდიათ მერის პირველ მოადგილესა და სხვა მოადგილეებს – პირველი მოადგილის ხელფასი 2550, ხოლო სხვა მოადგილეების 2050 ლარია.

გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასებიც: I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, სამი სამსახურის უფროსის გარდა, ხელფასი 10 ლარით გაეზარდა და 1500 ლარი გახდა. რაც შეეხება სამი სამსახურის – ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის, ურბანული დაგეგმარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებს, მათ ხელფასი 210 ლარით გაეზარდათ და 1700 ლარი გაუხდათ.

ანალოგიური ვითარებაა II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემთხვევაშიც. განყოფილებების უფროსებს, იმ სამი სამსახურის გარდა, ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ და 1000 ლარი გაუხდათ, ხოლო სამი სამსახურის განყოფილებების უფროსებს – 1400 ლარი, ანუ 500 ლარით მეტი.

ხელფასების ზრდა შეეხო დაბალი რანგის მოხელეებსაც – III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ხელფასი 220 ლარით გაეზარდათ და 800 ლარით განისაზღვრა, ამავე რანგის II კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს 140 ლარით გაეზარდათ და 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო ამავე რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტებს 50 ლარით გაეზარდათ და 600 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ისინი ორ კატეგორიად დაიყო – მათი ნაწილი კვლავ III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებად არიან გაფორმებული და ხელფასი 1300 ლარი დარჩათ, ხოლო ნაწილი IV რანგის I კატეგორიის უმცროს სპეციალისტებად გაფორმდნენ და მათი ანაზღაურება 100 ლარით ნაკლები – 1200 ლარი გახდა. შეიცვალა მერის წარმომადგენლების ასისტენტების რანგები და ხელფასებიც. ისინი IV რანგის II და III კატეგორიის უმცროს სპეციალისტებად დაიყვნენ და ხელფასიც, შესაბამისად, 650, 750 და 850 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების ცვლილება შეეხო ხელშეკრულებით დასაქმებულებსაც. ახალციხის მერის თანაშემწეს ხელფასი 150 ლარით გაეზარდა და 1400 ლარი გახდა, მერის და მისი მოადგილის მდივან-რეფერენტებს ხელფასი 800 ლარით (220 ლარით მეტი) განესაზღვრათ, კონსულტანტს – 1400 ლარით (100 ლარით მეტი), ხოლო მრჩეველს ინფრასტრუქტურის საკითხებში – 1600 ლარი (100 ლარით ნაკლები). ხელშეკრულებით აყვანილი სხვა თანამშრომლების ანაზღაურება კი იგივე დარჩა.

რაც შეეხება ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა ანაზღაურებას, ცვლილებები საკრებულოში ანაზღაურების შესახებაც ხუთჯერ შევიდა, საიდანაც საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების ხელფასები სამჯერ, ახალციხის მერიის სახელფასო ფონდის ცვლილების კვალდაკვალ, შეიცვალა.

საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის N17 დადგენილებით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2750 ლარით განისაზღვრა, მოადგილის – 2150 ლარით, ხოლო კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი – 1500 ლარით.

15 დღეში ცვლილებები კვლავ განხორციელდა და მერის მსგავსად, ხელფასი 100 ლარით შეუმცირდა საკრებულოს თავმჯდომარესაც – ის 2650 ლარით განისაზღვრა, თუმცა, ზუსტად 1 თვეში – 2018 წლის 22 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი ისევ ზუსტად ისევე გაიზარდა, როგორც ახალციხის მერის და ის 3500 ლარი გახდა. ამავე დადგენილებაში, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების პარალელურად, გაჩნდა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურებაც და ის 1000 ლარით განისაზღვრა. სხვა თანამდებობის პირების ხელფასები კი იგივე დარჩა.

რაც შეეხება საჯარო მოხელეების ანაზღაურებას, ის მერიის საჯარო მოხელეების ანაზღაურების იდენტურად იცვლებოდა და დღეს საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებს ზუსტად ერთნაირი ხელფასები აქვთ.

როგორია ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა ანაზღაურება

ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება. საკრებულომ მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ოთხჯერ გამოსცა, თუმცა, ცვლილება მხოლოდ საჯარო მოხელეებს შეეხო.

ოთხივე დადგენილებით – 2017 წლის 20 ნოემბრის N66, 2017 წლის 22 დეკემბრის N91, 2017 წლის 26 დეკემბრის N93 და 2018 წლის 18 იანვრის N21 დადგენილებებით, არ შეცვლილა მერის ანაზღაურება და ის 2650 ლარითაა განსაზღვრული. არ შეცვლილა არც მერის პირველი მოადგილის ხელფასიც – ის 1700 ლარია, ხოლო მოადგილის – 1500 ლარი.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, სამსახურის უფროსებს, 20 ნოემბრის დადგენილებით, 960, 1000 და 1250 ლარი აქვთ, განყოფილების უფროსებს – 810 ლარი, III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ანაზღაურება სხვადასხვაა – 500, 520, 540, 560, 790 და 800 ლარი, ხოლო IV რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 400 ლარია.

ამ ადამიანების ხელფასები, ოთხჯერ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის 18 იანვარს შეიცვალა: სამსახურის უფროსებს ხელფასები გაუთანაბრდათ და ყველას 1300 ლარი გაუხდათ. განყოფილების უფროსის ხელფასი 190 ლარით გაიზარდა და 1000 ლარი გახდა, III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ანაზღაურებაც შეიცვალა – ნაწილს 600 ლარი, ნაწილს კი 800 ლარი აქვს, ხოლო IV რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 250 ლარით გაიზარდა და 650 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი ცვლილება ადიგენის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეეხოთ. მათი ხელფასი ორ თვეში სამჯერ შეიცვალა. თუ 20 ნოებრის დადგენილებით მათ 800 ლარი, ხოლო თანაშემწეებს 560 ლარი განესაზღვრათ, 1 თვეში მერის წარმომადგენლების ხელფასი განახევრდა და 400 ლარი გახდა, ხოლო თანაშემწეების ხელფასი 260 ლარით შემცირდა და 300 ლარი შეადგინა. სახელფასო ცვლილება, როგორც ჩანს, მათი რანგის შეცვლის გამო მოხდა – მერის წარმომადგენლები, III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტობიდან, IV რანგის I კატეგორიის უმცროს სპეციალისტებად ჩამოქვეითდნენ. თუმცა, 4 დღეში საკრებულომ ეს დადგენილება გააუქმა და ახალი, N93 დადგენილება გამოსცა, რომლითაც მერის წარმომადგენლებს კვლავ ძველი რანგი და, შესაბამისად თავდაპირველი ხელფასი – 800 ლარი დაუბრუნდათ. კვლავ 560 ლარამდე გაიზარდა მათი თანაშემწეების ხელფასებიც. სამ კვირაში თანაშემწეებს ხელფასი კვლავ, ამჯერად 40 ლარით გაეზარდათ და ამჯერად 600 ლარს იღებენ.

რაც შეეხება ადიგენის საკრებულოს, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ორი დადგენილება მიიღო (N20, 2018 წლის 18 იანვარი და N28, 2018 წლის 6 თებერვალი), რომელიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია. ორივე დადგენილებით, თანამდებობის პირებს სახელფასო ანაზღაურება იგივე დარჩათ, რაც არჩევნებამდე იყო განსაზღვრული, ხოლო საჯარო მოხელეებს მცირედით გაეზარდათ. ერთადერთი, ვისაც ხელფასი კანონში შესული ცვლილების გამო დაენიშნათ, ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეებია.

დადგენილებიდან ვიგებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს 2650 ლარი აქვს ხელფასი, მოადგილეს – 1700, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს – 1350, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეებს – 1000 ლარი. 

საჯარო მოხელეებიდან საკრებულოს აპარატის უფროსს ხელფასი 1300 ლარით განესაზღვრა (მანამდე მას 1000 ლარი ჰქონდა), განყოფილების უფროსს – 1000 ლარით (ძველი ხელფასი 800 ლარი იყო), III რანგის II და III კატეგორიის უფროს სპეციალისტებს კი – 600 ლარით (მანამდე მათი ანაზღაურება 560 და 540 ლარი იყო).

რა ხდება ასპინძაში

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ასპინძის საკრებულომ მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები ოთხჯერ დაუმტკიცა, თუმცა, ისევე, როგორც ადიგენის შემთხვევაში, აქაც ცვლილება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებს, ფაქტობრივად, არ შეხებია. ცვლილებები, უმეტესად, საჯარო მოხელეებს შეეხო და რანგირებისა და მის შესაბამისად ხელფასების დანიშვნას ეხება.

2017 წლის 30 ნოემბრის N23 დადგენილებით, მხოლოდ ასპინძის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები განისაზღვრა. მერს – 2650 ლარის, მის პირველ მოადგილეს – 2000 ლარის, ხოლო მოადგილეს 1600 ლარის ანაზღაურება დაენიშნათ. ამ დადგენილებით განსაზღვრულ ანაზღაურებას თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებულ სახელფასო ბადეს თუ შევადარებთ, ასპინძაში 200 ლარით ხელფასი მხოლოდ მერის პირველ მოადგილეს გაეზარდა, მერს და მოადგილეებს კი იგივე დარჩათ, თუმცა, მოგვიანებით, 2018 წლის 18 იანვარს საკრებულომ კვლავ შეიტანა ცვლილება და მერის პირველ მოადგილეს მომატებული 200 ლარი კვლავ ჩამოაკო. საბოლოოდ, 29 იანვარს მიღებული დადგენილებით, მერის ხელფასი კვლავ 2650, პირველი მოადგილის – 1800, ხოლო მოადგილის 1600 ლარია. 

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, მათი რანგირება და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა 2017 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით მოხდა. სამსახურის უფროსებს 1200 ლარი განესაზღვრათ, განყოფილების უფროსებს – 900 ლარი, ხოლო III რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტებს – 600 ლარით.

ამავე დადგენილებით დადგინდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების რანგები და ხელფასები. როგორც ირკვევა, წარმომადგენლები სამ რანგად დაიყვნენ: III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებად დანიშნულებს 740 ლარი განესაზღვრათ, III რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტებად დანიშნულებს – 670 ლარი, ხოლო III რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტებად დანიშნულებს – 600 ლარი.

სამ კვირაში კიდევ შევიდა ცვლილებები და ახალი დადგენილებით კლავ შეიცვალა მერის წარმომადგენლების რანგები და ხელფასები. ამჯერად უკვე, შესაბამისი რანგების მიხედვით, წარმომადგენლების ხელფასებია: 550, 650, 750 და 800 ლარი. განისაზღვრა წარმომადგენლების ასისტენტების რანგები და ხელფასებიც. ისინიც, რანგების შესაბამისად, 550, 650 და 700 ლარს იღებენ.

ამავე დადგენილებით მცირედით გაიზარდა საჯარო მოსამსახურეების ხელფასებიც: სამსახურის უფროსებს 1300 ლარი გაუხდათ (100 ლარით მეტი), განყოფილების უფროსებს – 1000 ლარი (100 ლარით მეტი). განისაზღვრა იმ მოხელეების რანგი და თანამდებობრივი სარგოებიც, რომელიც აქამდე განსაზღვრული არ იყო. მათი ხელფასები 700 და 800 ლარია.

საკრებულოს ბოლო დადგენილებით, რომელიც მან 29 იანვარს მიიღო, თანამდებობრივი სარგოები არ შეცვლილა. მხოლოდ გარკვეულ თანამშრომლებს რანგები შეეცვალათ, რის გამოც მათი სახელფასო ანაზღაურებაც დაკორექტირდა.

რაც შეეხება ასპინძის საკრებულოს, როგორც ირკვევა, საკრებულოს წევრთა და საჯარო მოხელეების ხელფასებში ცვლილება ბოლო ორ თვეში სამჯერ შევიდა. აქაც, ისევე, როგორც მერიაში, ცვლილებები საკრებულოს თავმჯდომარისა ხელფასს არ შეხებია, თუმცა, ჯერ გაიზარდა და შემდეგ ისევ დაიკლო მოადგილის, ასევე, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების ხელფასებმა. სამივე დადგენილებით, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეს 2650-ლარიანი ხელფასი აქვს. რაც შეეხება მოადგილეებს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს, 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ანაზღაურება 2000 ლარით, ხოლო ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს 1400 ლარით განესაზღვრათ. ერთ თვეში მათმა ხელფასებმა კვლავ დაიკლო და არჩევნებამდელ ხელფასებს გაუტოლდა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 1800 ლარი, ხოლო ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს 1300 ლარი გაუხდათ. ამ დადგენილებითვე განისაზღვრა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, რომელიც 1000 ლარის ოდენობით დადგინდა. ბოლო დადგენილებითაც საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს იგივე ანაზღაურება შეუნარჩუნდათ. 

რაც შეეხება საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, მათი ხელფასები მცირედით არის გაზრდილი. თუ 15 დეკემბრის დადგენილებით საკრებულოს სამსახურის უფროსს 1200 ლარი, განყოფილების უფროსებს 900 ლარი, ხოლო III რანგის II კატეგორიის უფროს სპეციალისტსა და III რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტს 670 და 600 ლარი განესაზღვრათ, მოგვიანებით, მათი ხელფასები დაკორექტირდა: ხელფასი სამსახურის უფროსს 1300 ლარი, განყოფილების უფროსებს – 1000 ლარი, ხოლო III რანგის II და III კატეგორიის უფროს სპეციალისტებს 700 ლარი გაუხდათ.

შეხმატკბილებულად გაზრდილი ხელფასები ახალქალაქის მერიასა და საკრებულოში

ახალქალაქი ის მუნიციპალიტეტია, სადაც მერიამ და საკრებულომ ხელფასები შეხმატკბილებულად გაიზარდეს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მათი უფლებამოსილების ცნობიდან დღემდე, საკრებულომ თავისი და მერიის საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები მხოლოდ ერთხელ – 2018 წლის 22 იანვარს N14 (მერია) და N1 (საკრებულო) დადგენილებებით დაამტკიცა, ანუ კანონით დადგენილ ვადაზე 2 დღით გვიან.

უმთავრესი ცვლილება მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებს შეეხო – თუ მანამდე გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელფასო ანაზღაურება 2650 ლარი იყო, 22 იანვარს მათ ხელფასი ზუსტად ერთნაირად მოიმატეს და ამჟამად, ახალი მერისა და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის სარგოები 550 ლარით მეტი – 3200 ლარია.

რაც შეეხება მათ მოადგილეებს: თუ არჩევნებამდე გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ხელფასი 1300 და 1200 ლარი იყო, ამჟამად მათი ხელფასი 1570 და 1420 ლარია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, 1700 ლარის ნაცვლად, 1920 ლარი.

ანაზღაურება იგივე დარჩათ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს – 1350 ლარი. თუ არჩევნებამდე საკრებულოში 9 ფრაქცია იყო, ამჯერად წარმომადგენლობით ორგანოში 8 ფრაქციაა, თუმცა, 8 ფრაქციის თავმჯდომარეს 9 ანაზღაურებადი მოადგილე გაუჩნდა, რომელთა ხელფასიც, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, 1000 ლარით განისაზღვრა.

ცვლილებებია მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში. თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე გამგეობაში შტატით 126 საჯარო მოხელე მუშაობდა, ამჯერად მერიის შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა 142-ია. როგორც ჩანს, უშტატო თანამშრომლობიდან, შტატში დააბრუნეს მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მათი ასისტენტები, რის გამოც, მერიის საშტატო ნუსხამ საგრძნობი ცვლილება განიცადა. მერის წარმომადგენლები და III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებად განისაზღვრნენ და ხელფასი 1000 ლარი დაენიშნათ, ხოლო მათ ასისტენტებს, რომლებიც IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები გახდნენ, 720 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაენიშნათ.

რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეების ანაზღაურებას, ცვლილებები მათაც შეეხოთ. თუ მანამდე სამსახურის უფროსების ხელფასი 1000 ლარი იყო, ამჟამად მათი ანაზღაურება 300 ლარით მეტი – 1300 ლარია. 290 ლარით, 810 ლარიდან 1100 ლარამდე გაიზარდა განყოფილებების უფროსების ხელფასებიც. 200, 210 და 220 ლარითაა გაზრდილი დაბალი რანგის მოხელეთა ხელფასებიც. კერძოდ: IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი 520-დან 720 ლარამდე გაიზარდა, III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 540-დან 750-მდე, ხოლო III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 560-დან 780 ლარამდე.

ზუსტად ანალოგიურად შეიცვალა საკრებულოს საჯარო მოხელეების ხელფასებიც, თუმცა, მთავარი ცვლილება, რაც საკრებულოს ახალ საშტატო ნუსხაშია, ისაა, რომ შეიქმნა 2 განყოფილება, რომლებსაც, ცხადია, უფროსებიც დაენიშნათ. საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი 1000-დან 1300 ლარამდე გაიზარდა, განყოფილების უფროსებს, ისევე, როგორც მერიის ამავე მოხელეებს, 1100-ლარიანი ხელფასი დაენიშნათ, ხოლო III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ხელფასი 560-დან 780 ლარამდე მოემატათ.

როგორია ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების ხელფასები

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ახალი ადგილობრივი ხელისუფლება უფლებამოსილებაში შევიდა, საკრებულომ მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები სამჯერ დაამტკიცა, მათ შორის, ორჯერ მას შემდეგ, რაც კანონმა ახალი ნუსხისა და სარგოების განსაზღვრა დაავალდებულა, თუმცა, ბოლო ორი – 2018 წლის 30 იანვრისა და 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილებები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება და ის მხოლოდ საშტატო ნუსხას ეხება.

თუ 2017 წლის 25 დეკემბრის N28 დადგენილების თანახმად, მერის ხელფასი 2600 ლარით არის განსაზღვრული, 2018 წლის 30 იანვრის N1 დადგენილებით კი, მისი ხელფასი უკვე 450 ლარით მეტს, ანუ 3100 ლარს შეადგენს. მერის პირველი მოადგილის ხელფასი, დეკემბრიდან იანვრამდე 300 ლარით გაიზარდა და ნაცვლად 1700 ლარისა, 2000 ლარი შეადგინა. 250 ლარით გაიზარდა მერის მოადგილის ხელფასიც და დღეისათვის, 1550 ლარის ნაცვლად, 1800 ლარია.

რაც შეეხება მერიის საჯარო მოხელეებს, გარდა სახელფასო ცვლილებებისა, შეცვლილია თავად საშტატო განრიგიც – ახლებურადაა განსაზღვრული თანამშრომელთა რანგირების წესი, ხოლო დეკემბერში ხელშეკრულებებზე მყოფი გაზის გათბობის ოპერატორი (200 ლარი), დამლაგებელი (350 ლარი), მძღოლი (560 ლარი), დღისა და ღამის დარაჯი (380 და 180 ლარი), თარჯიმანი (560 ლარი), სანტექნიკოსი და ელექტრიკოსი (340 ლარი) ახალ საშტატო ნუსხაში აღარ გვხვდებიან.

500 ლარით – 100-დან 1500 ლარამდე გაიზარდა მერიის სამსახურის უფროსების ხელფასები, ხოლო განყოფილების უფროსების ანაზღაურებამ 390 ლარით – 810 ლარიდან 1200 ლარამდე მოიმატა. 200 ლარით მეტს – 1000 ლარს იღებენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, ხოლო მათი ასისტენტების ხელფასები 550 ლარითაა განსაზღვრული.

ახალ საშტატო ნუსხით, მერია, მცირედით მომატებული ხელფასებით, III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტებითა (700 ლარი) და IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებით (650 ლარი) დაკომპლექტდა. მათ III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტები (560 ლარი), III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტები (560 ლარი), IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები (560 ლარი) და IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები (500 ლარი) ჩაანაცვლეს.

რაც შეეხება საკრებულოს, მან საკუთარ საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ერთხელ – 2018 წლის 30 იანვარს გადახედა და ხელფასებიც, ფაქტობრივად, მერიის იდენტურად გადაანაწილა.  თუ არჩევნებამდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარი იყო, ახლა, მერის მსგავსად, მასაც 3100 ლარი აქვს. მერის პირველი მოადგილის ანალოგიურ ხელფასს – 2000 ლარს იღებს საკრებულოს თავმჯომარის მოადგილეც, რომელიც მანამდე 1700 ლარს იღებდა.

ხელფასები მოემატათ კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებსაც – თუ არჩევნებამდე ამ თანამდებობებზე მყოფი პირები 1350 ლარს იღებდნენ, ამჯერად მათი ხელფასი 1700 ლარი გახდა. საკრებულოს ხელფასიან წევრებს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ნინოწმინდაშიც დაემატა ფრაქციის მოადგილეები, რომელთა ანაზღაურებაც აქ 800 ლარით (სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, 200 ლარით ნაკლები) განისაზღვრა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასზე მეტი აქვთ საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც 1000 ლარის ნაცვლად, ამჯერად 1500 ლარს იღებს და განყოფილების უფროსებს, რომლებსაც, 810 ლარის ნაცვლად, ხელფასი 1200 ლარით განესაზღვრათ.

რაც შეეხება საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ანაზღაურება 560 ლარი ჰქონდათ, ახლა კი ისინი 700 ლარს იღებენ.

პოლიტიკური ბაკქანალია ბორჯომში და ადგილობრივი ხელისუფლების გასამრჯელო

რაც შეეხება ბორჯომს, სადაც მერიის თანამშრომლები ხელფასს ვერც საკრებულოს ძველი დადგენილებით იღებენ, რადგან ამ დადგენილებით სარგოების გაცემა კანონის დარღვევა იქნება და ვერც ახლით, იმიტომ, რომ საკრებულოს ის ჯერ არ მიუღია. როგორც ცნობილია, ბორჯომის წარმომადგენლობითმა ორგანომ მერიას საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები სამჯერ არ დაუმტკიცა, მეოთხედ შეტანილი დოკუმენტი კი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე უნდა განეხილათ, მერიას დასაკორეკტირებლად ისევ უკან მიუბრუნა. საკრებულო ამბობს, რომ ის თანახმაა, მერიის საჯარო მოხელეებს ხელფასი გაეზარდოთ, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მერის, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების ხელფასების ზრდას. როგორც გაირკვა, ბორჯომის მერი დოკუმენტში ცვლილებების შეტანას არ აპირებს და საკრებულოს იგივე დოკუმენტს უკვე მეხუთედ გაუგზავნის.

თავად საკრებულოს წევრები და იქ დასაქმებული საჯარო მოხელეები ხელფასებს ჩვეულებრივ იღებენ, ვინაიდან წარმომადგენლობითმა ორგანომ საკუთარი სახელფასო ბადე და საშტატო ნუსხა 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა. 

საკრებულოს თავმჯდომარეს, ისევე, როგორც არჩევნებამდე, ამჟამადაც 2 650 ლარი აქვს ხელფასი, მის მოადგილეს კი 2000 ლარი. კომისიის თავმჯდომარეებს ანაზღაურება 1 680 ლარით აქვთ განსაზღვრული, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს – 1 620-ით, ხოლო მათ მოადგილეებს – 1 100 ლარით.

რაც შეეხება საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი 1 550 ლარითაა განსაზღვრული. იგივე ანაზღაურება ჰქონდა წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსსაც.

III რანგის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ანაზღაურება 780, 820 და 870 ლარია. საშტატო ნუსხაში, ასევე, არიან IV რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებიც, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაც 780 და 820 ლარითაა განსაზღვრული.

საკრებულოს, ასევე, ჰყავს 2 უშტატო თანამშრომელი – მუდმივმოქმედი კომისიის დამხმარე სპეციალისტი ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებში, რომლის ანაზღაურებაც 700 ლარია და მძღოლი, რომლისთვისაც, დადგენილებით, ყოველთვიურად 850-ლარიანი ხელფასია გათვალისწინებული.

რაც შეეხება მერიას, პირველად შესული დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მერს 3450 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 800 ლარით მეტი), მერის I მოადგილეს 2400 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 400 ლარით მეტი), მერის მოადგილეს კი 2300 ლარი (მანამდე არსებულ ხელფასზე 300 ლარით მეტი) უნდა ჰქონოდა. საკრებულომ საკითხი ჩააგდო და დოკუმენტი მერიას უკან მიუბრუნა.

მეორედ გაგზავნილი დოკუმენტით,  მერის ხელფასი 2650 ლარს შეადგენდა, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელს. რაც შეეხება მოადგილეებს, I მოადგილის ხელფასი კვლავ 2400 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო მერის მოადგილის – 2300 ლარით, ანუ იმდენივეთი, რაზეც მერიას საკრებულომ ერთხელ უკვე უარი უთხრა. საკრებულომ ეს დოკუმენტიც არ დაამტკიცა და მერიას დასაკორეკტირებლად უკან მიუბრუნა.

მესამედ ბორჯომის მერიამ საკრებულოს 9 თებერვალს ხელახლა მიმართა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერის და მისი მოადგილეების ხელფასები იმაზე მეტი იყო დაფიქსირებული, ვიდრე პირველი მიმართვისას. ამ დოკუმენტით მერის ხელფასი 3500 ლარს, მერის პირველი მოადგილის ხელფასი – 2600-ს, ხოლო მოადგილის ხელფასი 2500 ლარს შეადგენდა. საკრებულომ ეს დოკუმენტიც ჩააგდო, რამაც ბორჯომში ვითარება ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებამდე მიიყვანა – მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

ბოლო დოკუმენტით, რომელიც ბორჯომის მერიიდან საკრებულოში შევიდა, წინა დოკუმენტთან შედარებით, შტატები 13-ით, ანუ 106-დან 93-მდე, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ფონდი 12 310 ლარით, ანუ 129 660 ლარიდან 117 350 ლარამდე არის შემცირებული.

შემცირებულია მერის ანაზღაურებაც და ის 2650 ლარს შეადგენს, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელს. რაც შეეხება მოადგილეებს, I მოადგილის ხელფასი 2600 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მერის მოადგილის – 2500 ლარით. 

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, სამსახურის უფროსის ხელფასი 2000 ლარითაა განსაზღვრული, რაც მანამდე არსებულ ხელფასებთან შედარებით, 450 ლარით მეტია, განყოფილების უფროსის ხელფასი 1600 ლარი უნდა იყოს, რაც, წინა ხელფასთან შედარებით, 350 ლარით მეტია.

გაზრდილია დაბალი რანგის მოხელეების სახელფასო ფონდიც: III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 1100 ლარითაა (280 ლარით მეტი) განსაზღვრული;  III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 900 (80 ლარით მეტი) და 1000 ლარით (180 ლარით მეტი); III რანგის რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასიც 900 ლარითაა განსაზღვრული (200 ლარით მეტი).

რაც შეეხება მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ისინი მეორადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებად განისაზღვრნენ და ანაზღაურება 1300 ლარი (100 ლარით მეტი) უნდა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული საშტატო განრიგით, მერის წარმომადგენლები ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ და ხელფასი 1200 ლარი ჰქონდათ.

საბოლოოდ, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირების თანამდებობრივ სარგოებს თუ გადავხედავთ, შემდეგი სურათს დავინახავთ:

მუნიციპალიტეტი

მერი მერის I მოადგილე მერის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

ახალციხე

3 500

2 550

2 050

3 500

2 150

ახალქალაქი

3 200

1 570

1 420

3 200

1 920

ნინოწმინდა

3 100

2 000

1 800

3 100

2 000

ასპინძა

2 650

1 800

1 600

2 650

1 800

ადიგენი

2 650

1 700

1 500

2 650

1 700

ბორჯომი 0

(მოთხოვნილია

2 650)

0

(მოთხოვნილია

2 600)

0

(მოთხოვნილია

2 500)

2 650

2 000

“ქამრებშემოჭერილი” სამცხე-ჯავახეთი ცხოვრებას განაგრძობს. იქნება თუ არა მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნების შრომისნაყოფიერება ხელფასის პირდაპირპროპორციულად გაზრდილი, ამას მათი საქმიანობა და ამ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები