ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, სადაც საკრებულო და მერიაა განთავსებული, ვითარება ამ დრომდე არ განმუხტულა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია, მერიის თანამშრომლები, პოლიცია, გუბერნატორი, ოპოზიციის პარტიული აქტივი – ყველა შენობაში, ან მის მიმდებარედ იმყოფება.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, უკვე რამდენიმე საათია, თავისი კაბინეტიდან არ გამოდის; ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მერის კაბინეტში არიან; ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კვლავაც სხდომათა დარბაზშია და მას გარედან დაცვის პოლიცია იცავს; “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი შენობის შესასვლელში დგას; მერიის თანამშრომლები ფოიეში არიან შეკრებილები; შენობის გარეთ იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის არის ახალციხიდან, გორიდან და თბილისიდან ჩასული პარტაქტივი; შენობაში და მის მიმდებარედ კი პოლიცია პატრულირებს.
მერიის თანამშრომლები, რომლებსაც შენობაში შესასვლელი კვლავ ჩახერგილი აქვთ, საკრებულოს ოქმს ელოდებიან, რომლითაც დადასტურდება, რომ მათ ხელფასები ნამდვილად გაეზარდათ.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე კი, რომელიც საკუთარ ოთახშია გამაგრებული, ოქმზე ხელმოწერას არ ჩქარობს. ის ამბობს, რომ, ვიდრე იურისტებთან კონსულტაციას არ გაივლის, თუ რამდენად ლეგიტიმური იყო სხდომა, რომელიც დღეს საღამოს ჩატარდა და აქვს თუ არა მას ოქმზე ხელმოწერის უფლება, ვინაიდან იგი არ დასწრებია სხდომას, ხელს არ მოაწერს.
მთელი დღის მანძილზე არ გამოჩენილა და კომენტარი არ გაუკეთებია ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას, რომელიც ამ წუთებში გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან ერთად საკუთარ კაბინეტში იმყოფება.
არ ტოვებენ შენობას ნიკა მელია და სერგო რატიანიც, რომლებსაც მერიის თანამშრომლები დღის განმავლობაში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება ნაცმოძრაობის მობილიზებულ პარტაქტივს, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ბორჯომის საკრებულოს წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან.
“აქ ვართ იმიტომ, რომ ამ საკრებულოში არიან ჩვენი წევრებიც და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ. დღეს ამ საკრებულოში ადამიანებზე ძალადობა ხდება”, – ამბობს “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ახალციხის მერობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე.
ადგილზე ვითარების გაკონტროლებას პოლიცია ცდილობს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა ამბობს, რომ სამართალდამცველები უსაფრთხოების მიზნით არიან მობილიზებული.
“მივიღე დავლება ხელმძღვანელობისგან, მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, გვერდით დგომა. ბატონი ნიკასგან ვიცოდით, რომ გადაადგილება უნდოდათ და არ აძლევდნენ ამის საშუალებას. გავარკვიეთ და არასწორი აღმოჩნდა ეს ინფორმაცია. შევთავზე კიდეც, რომ, თუ სურთ, მათი მხარდამჭერები, ვინც მათ გვერდით არიან და ფიქრობენ, რომ გადაადგილება ეზღუდება, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ყველა სახლში მივა მშვიდობით, წყნარად”, – ამბობს იგი და ამატებს, რომ შენობაში ჩაკეტილი არავინ არ არის: “უბრალოდ, თვითონ არ გამოდიან, არ გვინდა გამოსვლაო”.
ჯერჯერობით, არავინ იცის, მოაწერს თუ არა ხელს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე “პატრიოტთა ალიანსიდან” ოქმს, რომლის ხელმოწერისთანავე, წესით, თვითმმართველობის შენობაში ვითარება უნდა განიმუხტოს.
გამოყენებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ფოტომასალა