ომბუდსმენი: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც

631

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით ე.წ. წიწაკი სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გაზით დახურულ სივრცეში მიყენებული ტკივილი აღწევს არაადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს.

„სი პი ტის” 2014 წელს საქართველოსთვის პირდაპირ აქვს გაცემული რეკომენდაცია, რომ ე.წ. წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.

არ შეიძლება ადამიანის უფლებათა სტანდარტით ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში. განსაკუთრების აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათ მიმართ, ვინც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.