სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა. მისი თქმით, მხოლოდ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ხელისუფლების აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.
“იმ ვითარებაში, როდესაც 20 ივნისის გამო არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ძალის გადამეტება, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ. ძალიან ცოტა ადამიანი სცნეს დაზარაელებულად და გამოძიება არის შეჩერებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მხოლოდ აქციის მონაწილების მიმართ ხელისუფლების ასეთი აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.
მითუმეტეს, როდესაც ასეთი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა რა აუცილებლობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს იჯდეს ციხეში და რაში შეუშლიდა ხელს ხელისუფლებას ის, რომ ნიკა მელია დღეს ყოფილიყო თავისუფალი. ეს ვერ დავინახე პროკურატურის არგუმენტებში”, – ამბობს სახალხო დამცველი.
ლომჯარიას თქმით, მისმა წარმომადეგენელმა საპატიმროში ნიკა მელია უკვე მოინახულა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
სახალხო დამცველი ნიკა მელიას მონახულებას პირადადაც აპირებს.
“ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმოამადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აქვს ამ წუთის მდგომარეობით, პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.