საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (ნაგავსაყრელების) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი კოორდინატორი, ანზორ სანდროშვილი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. იგი გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ანზორ სანდროშვილი წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი კოორდინატორი იყო. როგორც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, სანდროშვილი სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების გამო გაათავისუფლეს, მაგრამ რა გახდა მიზეზი, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.
„მრავალი წელი მუშაობდა ჩვენთან მას სამსახურებრივი გადაცდომა მოუვიდა, რის გამოც განთავისუფლდა კუთვნილი პოზიციიდან, დეტალები ჩვენ არ ვიცით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფინანსურ პოლიციას“,- განგვიცხადეს კომპანიაში.
მათივე თქმით, ანზორ სანდროშვილის ადგილი უკვე დაიკავა ალექსი ზედგინიძემ.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, საქმე ეხება სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს. დეტალებზე საუბარი არ სურს თავად სანდროშვილს, მან ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იყო დაკავებული და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სანდროშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
„ამ ეტაპზე საქმე ახალციხის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არ გვაქვს და რომც გვქონოდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება. რაც შეეხება საპროცესო საქმეს, ამ საკითხზე პროკურატურას მიმართეთ“,- გვიპასუხეს უწყებაში.
საქმე გორის რაინულმა სასამართლომ განიხილა, როგორც სასამართლოში განგვიმარტეს, საპროცესო 21 ოქტომბერს გაფორმდა. მათივე თქმით, სანდროშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.