გაერთიანებული ოპოზიციის ენმ — ძალა ერთობაშიას წევრის, თამარ კორძაიას თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება მის პერსონალურ პოზიციას გამოხატავს და არა ბლოკის.
“ბლოკის პოზიცია უცვლელია, მაგრამ ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც, ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენთვისაც, ყველასთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ხელისუფლებისათვის, რადგან ჩვენ ახლა მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის თავხედური, მშვიდი ტონით გაკეთებული განცხადება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას და უნდა შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ეს ქართველი ხალხის ნება, რომ გამოუცნობი გახადა სწორედ ქართულმა ოცნებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რომ გაანადგურა საერთოდ ყველა შანსი იმისა, რომ სწორად დავთვალოთ, ეს ავიწყდებათ მათ”, — განაცხადა კორძაიამ.
დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.