ბათუმში ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს

360

წინა სტატია

ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს.როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენების გამო, ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ.

ჟურნალისტები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იზრუნონ და მათი ჯანმრთელობა არ დააზიანონ.

“ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქციების გაშუქებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე ყველა უწყებამ, ვინც არის პასუხისმგებელი პროცესებზე რეპორტიორების უსაფრთხოება დაიცვას. მნიშვნელოვანი არის ინფორმაციის გადაცემისას ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. გუშინ ვნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამიზნულად რეპორტიორებს ესროდნენ, რაც არ არის კარგი და მოვუწოდებ ძალოვან უწყებას, რომ ასე მუშაობა არ გააგრძელონ”, – აცხადებს სამაუწყებლო კომპანია TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე

ცნობისთვის, “ნუ გვაბრმავებ” – ამ ლოზუნგით ჯურნალისტები 8 ნოემბერს ცესკო-სთან გამართულ საპროესტო აქციაზე მომხდარს თბილისშიც აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.