ამ წუთებში ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს კვლავ წყლის ჭავლით შლიან. წყლის ჭავლის სიძლიერის გამო აქციის ზოგიერთი მონაწილე დაშავდა.
აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ, ზოგიერთი მათგან თავის დასაცავად სანაგვე ურნებს ეფარება.
დაშავებულთა შორის არის “TV პირველის” ერთ-ერთი ოპერატორიც, რომელსაც წყლის ჭავლი თვალში დამიზნებით მოხვდა.
წყლის ჭავლის მიუხედავად აქციის მონაწილეები ტერტორიას არ ტოვებენ. როგორც TV პირველი იუეწყება, ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართულებით სპეცრაზმელები გამიზნულად ისვრიან წყლის ჭავლს, რათა პირდაპირი ეთერი შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.