ირაკლი კობახიძე: შტურმის მოთავენი არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფის წევრები

378

“შტურმის მოთავენი არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფის წევრები. ვაფრთხილებთ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან კრიმინალად მოიხსენა ნიკანორ მელია და აღნიშნა, რო იგი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს.

“შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი “ნაციონალურ მოძრაობის” ზონდერ ჯგუფებს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრის აგებს პასუხს.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინიტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.