ნიკა მელია: ხვალ 6 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე უნდა შევიკრიბოთ

620

ოპოზიციის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ გაერიდონ პერიმეტრს. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ქართველ ერს ხვალ 6 საათზე პარლამენტის წინ ელოდებიან.

“როგორც პასუხისმგებლობის მქონე ლიდერები, მაქსიმალურად ვეცდებით სიტუაციის განმუხტვას. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, გვინდა, რომ ვითარება განვმუხტოთ და მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი და პერიმეტრი გავათავისუფლოთ, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ხვალ 6 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე უნდა შევიკრიბოთ”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.