კახა კალაძე კორუფციის პერსონიფიკაციაა – იქ სადაც კორუფციაა, არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, არამედ შესრულებული სამუშაოები ხშირად ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ვაკის პარკში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.
ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერია თავიდან ბოლომდე კორუფციაშია ჩართული.
„არ მინდა ვთქვა, რის თაობაზეც ბოლომდე არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ დაშვებას გავაკეთებ მარტივს, რაც პროგნოზირებადია, ვინაიდან ეს ეხება კალაძის მერიას. კალაძის მერია არის თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩართული. იქ სადაც კორუფციაა, არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, არამედ შესრულებული სამუშაოები ხშირად ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. არ მინდა ტრაგიკული შემთხვევა გამოვიყენო და პოლიტიკური ქულების დაწერის ელფერი ჰქონდეს ამას.
კახა კალაძე კორუფციის პერსონიფიკაციაა, კორუფციის დეფინიციაა თუ არ იცის რომელიმე ბავშვმა და გინდა აუხსნა, ბატონ კალაძეს გავაცნობდი და ყველა კითხავზე პასუხი იქნებოდა გაცემული. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვლინდება ბევრ პრობლემაში თბილისში. დაწყებული ამ ფაქტიდან, გაგრძელებული ჩაჭედილი საცობებით, რომლესაც ხსნა არ უწერია“,- განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა.
ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.