ISFED: სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენეს წყლის ჭავლი, აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას

354

”სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწეოდებს, სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.