მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე: ეს განცხადება არის სუბიექტური

313

სუბიექტური განცხადებაა პირდაპირ გეტყვით, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ჯებირს, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე განცხადებები სუბიექტურია.

„ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში, არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ, სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს თუ ჯებირს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ეს განცხადება არის სუბიექტური“, – განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ დემონსტრანტების გაფრთხილება წინასწარ ვერ მოხდებოდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე.

“როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ და ღობეზე ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ასეთ დროს მსოფლიოში განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხევაში, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამ გაფრთხილების შემდგომ მოქმედებას – თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. იმიტომ, რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება,  რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომელიმე შენობაში ან სტრატეგიულ ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში – არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობას ამგვარად, როგორც ეს მოხდა,” – თქვა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სახალხო დამცველმა კი პოლიციას მოუწოდა „შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.