TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე: კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს

970

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) შეფასებით ცესკოსთან პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

TI-ს განცხადებით, პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მათივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

“კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.

იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, ხოლო აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.