ცესკოსთან ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ

502

წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რჩებიან.

მომიტინგეებმა წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით ცესკოს ტერიტორია დატოვეს, თუმცა, მოგვიანებით კვლავ უკან დაბრუნდნენ. აქციაზე ასევე მივიდნენ იპოზიციის ლიდერეიც.

ცესკო-სთან მომიტინგეთა ის ნაწილიც მივიდა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან მიტინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ცესკო-ს შენობის ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური რკინის ღობითა და ბარიკადებით, რომლის მიღმაც დგანან სამართალდამცავები. მოქალაქეებმა ღობის ნაწილი უკვე გაარღვია, ნაწილის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც მომიტინგეთა დაშლა წყლის ჭავლით უკვე მოხდა.

ამავდროულად, ისმის სპეციალური ხმოვანი სიგნალი, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

მომიტინგეები სკანდირებენ: „მონებო”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.