მარნეულში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიგა ჯალაღონიასა და გიორგი შუბითიძეს, 4 000-4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

483

წინა სტატია

მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯალაღონიასა და გრიგოლ შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 4-4 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაბაზე და ორივეს 4-4 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

ბრალდებულების ადვოკატი კი გირაოს სახით მინიმალურ თანხას 1000 -1000 ლარს ითხოვდა.

გიორგი შუბითიძეს და გიგა ჯალაღონიას მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ძალადობის ფაქტებზე აქვთ ბრალი წაყენებული. გოჩა შუბითიძეს პროკურატურამ ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” და „გ” პუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, ხოლო გრიგოლ ჯალაღონიას სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ასევე გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად.

ცნობისთვის, დღესვე ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი – 4 ათას ლარიანი გირაო.

ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით აქვს წაყენებული.

არიფ იუსუპოვს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.