ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი – 4 ათას ლარიანი გირაო.
პროკურატურა, ორივე ბრალდებულისათვის 5 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
ლაშა ქველაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით აქვს წაყენებული.
არიფ იუსუპოვის ადვოკატიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. იუსუპოვს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.
ორივე ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლედება პატიმრობიდან.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.