სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეკა კვესიტაძის გადაცემაში “ღამის მთავარი” სრულად იხსნებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
საარჩევნო საოლქო კომისიაში დილიდან იყო დაძაბულობა, ჩვენ „სამოქალაქო პლატფორმა“ ჩამოვედით აქ სადამკვირვებლო პროცესის მისიის განსახორციელებლად. მე დავრჩი და პოლიციასთან ველოდებოდი ლაშა ქველაძეს, რომელიც იყო დილის ინციდენტის დაზარალებული პირი, ვაპირებდი სახლში წასვლას და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ახლოს, ვნახე ჩემი მეგობრები, რა დროსაც დაიწყო თავგანწირული ყვირილი და დავინახე 40-მდე ადამიანი, რომელიც ამტვრევდა მანქანას, ამოვიღე ტელეფონი, რომ გადამეღო და დავინახე ნაც.მოძრაობის წევრი ქველაძე – უგონო მდგომარეობაში.
დავიწყე სასწრაფოში რეკვა და ხელი შემიშალა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ , რომელიც უშუალოდ ხელმძღანელობდა ამ თავდასხმას და იგი არის შტაბის უფროსიც მარნეულში.
როდესაც ავიღე ტელეფონი, ისევ გიორგაძე მომმართა რომ „ზედმეტი მოგდისო“ და დამარტყა სახეში.”
მუმლაძე სატალეფონო ინტერვიუში, ასევე, ამბობს, რომ საკრებულოს თამჯდომარის ეს ქცევა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გასულია ცივილიზირებული ჩარჩოებიდან.
“განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სრულიად დაუცველები არიან, ის რაც მოხდა მარნეულის ცენტრში ეს ამას მოწმობს. ცხრა საათზე, 30-40 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ურტყავდა ხალხს. ესეთი რამე მხოლოდ ოკუპანტს შეუძლია გააკეთოს, მმართველი გუნდის მხრდან ასეთი რამ ძალიან შემაძრწუნებელია. ყველაფერი გადაიღო შსსმ, მათ შორის ჩემზე ძალადობის კადრებიც და ეხლა თუ ამას არ გამოიძიებს ესეიგი ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. როცა მე გივი ქელაძე წამოვიყვანე იმ ადგილიდან, 30 პოლიციელი იდგა იქ – იმ დროს მოხდა ჯეიჰუის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტიც. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა.”
ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, მას ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი ურტყამდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.