პროკურატურა: გომისმთაზე სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად მითვისების კიდევ სამი ფაქტი გამოვლინდა

283

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ სამი ფაქტი გამოავლინა.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაზე, ასევე, დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

დაბა გომისმთაზე და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა”, – აცხადებენ პროკურატურაში.