წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სამართალდამცველებს მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ, საელჩოებს კი გამოძიებაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბელქანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამთენიისას დაწვეს მერის პირადი მანქანა. ეს მოხდა მისი სახლის წინ, სადაც მისი ოჯახი, ასაკოვანი მშობელი იმყოფება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ფაქტი. ასევე, მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, ჩაერთონ ამ გამოძიებაში, რომლისადმი საზოგადოების ინტერესიც მაღალია. გვინდა მივაღწიოთ უსაფრთხო გარემოს, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას“,- განაცხადა თამარ ბელქანიამ.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.