წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს

333

შემდეგი სტატია

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

“ეს ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო”,- აღნიშნავს გია ხარჩილავა.

წალენჯიხის მერიაში, მერის, გია ხარჩილავას ავტომანქანის დაწვას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

როგორც მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე ფიქსირდება კვალი იმასთან დაკავშირებით, რომ მანქანას საწვავი მიზანმიმართულად შეასხეს.

„შემთხვევა გვიან მოხდა. ბავშვებს გაუგიათ ხმა. მანქანა სახლის წინ ეყენა და როცა გარეთ გავიდნენ, უკვე ცეცხლი ეკიდა. მთლიანად არის დამწვარი. მომხდარს მის საქმიანობას ვუკავშირებთ. ის არ არის მორჩილი მერი“, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: თამარ ბელქანია