ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. სხდომის დაწყებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გააპროტესტა, რომელიც პირუტყვის უკონტროლო გადაადგილების აღკვეთას ემსახურება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 90 000 ლარს შეადგენს.
ნიკოლეიშვილის თქმით, მაშინ როცა ოზურგეთში ათასობით სოციალურად დაუცველია და საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე სიმბოლურად პური, ზეთი და შაქარი მიიტანეს.
„როდესაც გამოვითხოვე ამ პროგრამით გაწეული ხარჯებისა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ 9 თვის განმავლობაში ოზურგეთის მერიამ 30 000 ლარი დახარჯა. გამოდის, რომ ბატონი ავთანდილ თალაკვაძე იმდენად კარგად თვლის ოზურგეთის მოსახლეობის მდგომარეობას, რომ მას ჰყავს დასაქმებული ადამიანი მერიაში, რომელსაც 500 ლარს უხდიან ერთი ძროხის გადადენაში. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც 17 816 სოციალურად დაუცველი არის ოფიციალურად რეგისტრირებული, 6 814 იღებს მხოლოდ შემწეობას და 10 414 არის გაჭირვებული, რომელიც ითხოვს დახმარებას და არ ეხმარებიან. ამ დროს ბატონი ავთანდილი თვლის, რომ ჩვენ გვაქვს უფლება 30 000 გადავიხადოთ ძროხების გადადენაში. ამ თანხით სხვა ბევრი სიკეთის გაკეთება იყო შესაძლებელი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
„ამ დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე წესად დაამკვიდრა, რომ საკრებულოს სხდომებზე შემოიტანოს ხმაური და არეულობა და არ უნდა მისცეს საკრებულოს მუშაობის საშუალება, ეს მათი სტილია. მათ საქმიანი წინადადებები არ გააჩნიათ. ის ვერ გაურკვევიათ, პარტიის შიგნით რომელი რომელ ფრთას წარმოადგენს და ამის გარკვევის პროცესში არიან. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სრულიად უშინაარსო საუბარი ჰქონდა ,“- განაცხადა ვიცე-მერმა გიორგი ღურჭუმელიძემ.