ხატია დეკანოიძე: ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს

446

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს, – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მან მოუწოდა მმართველ პარტიას, შეეშვან ადამიანებზე ზეწოლასა და მუქარას, ვინაიდან ყველა ასეთი ფაქტი აღიქმება არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოდ.

„მინდა მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ჩვენი პარტიის წარმომადგენელ ვაჟა თავდგირიძეზე განხორციელებულ ზეწოლას გულისხმობს. თავდგირიძე უკვე თვეებია მკურნალობს მძიმე დაავადებას, სიმსივნეს. შესაბამისად, ამის ფონზე, მოუწია რამდენიმე სხდომის გაცდენა. მან წარმოადგინა ყველა სამედიცინო ცნობა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშამიძე, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მასზე ზეწოლას ახორციელებს. მან დაიბარა თავდგირიძე და უთხრა, რომ თუ ენმ-ს დატოვებდა მას არ შეუწყდებოდა უფლებამოსილება როგორც საკრებულოს წევრს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიყენებდა ყველა ბერკეტს და უფლებამოსილებას შეუწყვეტდა.

მინდა გავაფრთხილე „ოცნების“ წარმომადგენლობა ხელვაჩაურში – არ გაბედოთ ზეწოლა, ადამიანების დაშინება. შეეშვით სუს-ის დაკვეთების შესრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენ მივმართავთ სხვა ხერხებს. მივმართავთ საერთაშორისო მისიებს და დამკვირვებლებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხელვაჩაურის საკრებულო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დღეს, 30 ივლისს იმსჯელებს.

როგორც ამავე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვაჟა თავდგირიძე სამი წლის განმავლობაში სხდომაზე 5 ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი დოკუმენტიც არ წარუდგენია.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ კი განაცხადა, რომ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით უჩერებენ.

მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა.