ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე დღის წესრიგიდან თანაპარტიელის, ვაჟა თავდგირიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ამოღებას მოითხოვდა, რაზეც უმრავლესობის მხრიდან უარი მიიღო.
მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომებს ვერ ესწრება და მან შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა.
ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„დღეს „ქართული ოცნების” უმრავლესობამ კიდევ ერთი არაადამიანური და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენს კოლეგას მძიმე სენი აქვს და 6 თვის განმავლობაში ვერ გადაადგილდებოდა. იგი დღეს სიკვდილს ებრძვის, კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ აქვს საპატიო მიზეზი, არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის დაშლა სურთ. მე მათ ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში ხუთი ლარით მოვუგებ არჩევნებს, ბიძინა ივანიშვილის მონობა არ გიშველით და არც მისი ფული. საკრებულოს თავმჯდომარეს და მისი გუნდის წევრებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ვაჟა თავდგირიძე გასულიყო დამოუკიდებელ დეპუტატად, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ეს არ აპატიეს. უმრავლესობის წევრები ეუბნებოდნენ ვაჟა თავდგირიძეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ის ვაჟკაცურად მოიქცა, ის ებრძვის სიკვდილს და „ქართულმა ოცნებამ” წაქცეულ ადამიანს გადაუარა”, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.
თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს და მისი უფლებამოსილების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
ხელვაჩაურის საკრებულო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობს.
როგორც ამავე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვაჟა თავდგირიძე სამი წლის განმავლობაში სხდომაზე 5 ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი დოკუმენტიც არ წარუდგენია.
ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ კი განაცხადა, რომ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით უჩერებენ.
მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა.