ხელვაჩაურის საკრებულო “ნაცმოძრაობის” წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე 30 ივლისს იმსჯელებს

494

წინა სტატია

ხელვაჩაურის საკრებულო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ხვალ, 30 ივლისს იმსჯელებს.

როგორც ამავე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვაჟა თავდგირიძე სამი წლის განმავლობაში სხდომაზე 5 ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი დოკუმენტიც არ წარუდგენია.

ვახტანგ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დეპუტატი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა.

“ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტილა, ეს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულომ უნდა მიიღოს. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი, რომელიც 6 თვის განმავლობაში არ იღებს თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების საკითხი დგება. დეპუტატს ორჯერ მიეცა ვადა, წარმოედგინა რაიმე სახის დოკუმენტი, რითაც საკითხი აიხსნებოდა.

სამი წელი სრულდება და თვითონ ბატონი ვაჟა 5 ჯერ არ არის მოსული სხდომაზე. იგი ყოველი ექვსი თვის თავში გამოცხადდებოდა, რათა უფლებამოსილება არ შეწყვეტოდა. ხვალ არის საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი დღის წესრიგშია”, – განაცხადა საკრებულო წევრმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძემ

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ კი განაცხადა, რომ ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით უჩერებენ.

მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა.