მდინარაძე მაჟორიტარობის მხოლოდ ერთ ქალ კანდიდატზე: კანონი არ გვავალდებულებდა

397

წინა სტატია

“ქართულმა ოცნებამ” დღეს, 20 ივლისს მაჟორიტარობის 30 კანდიდატი წარადგინა, მათგან მხოლოდ ერთი ქალია, 29 კი – კაცი.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გენდერული კვოტების შესახებ კანონი პროპორციულ სიას ეხება, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კი ეს ვალდებულება არ არსებობს და შესაბამისად, “ასე მოხდა”.

რუსთავი 2-ის ეთერში მდინარაძემ თქვა, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მოწინააღმდეგეები, სინამდვილეში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გენდერულ კვოტებს მხარი არ დაუჭირეს.

“ვისმენდით იმასაც, რა მნიშვნელობა აქვს, წარმატებულია ადამიანი და ქალი იქნება თუ კაცი იქნებაო. მართლაც არ აქვს მნიშვნელობა.

კანონისმიერი ვალდებულება მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ გვქონდა და ასე გადაწყდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუ იქნებოდა შესაბამის ოლქში რეიტინგული ქალი, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი, რომელსაც მეტი პოტენციალი და შესაძლებლობა ჰქონდა იმ რეგიონში, მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო და გამარჯვების შანსი ჰქონოდა, ქალი იქნებოდა წარდგენილი. ასე მოხდა.

მაგრამ რაც შეეხება კანონისმიერ ვალდებულებას, ეს არის დათქმა, რომელიც ეხება პროპორციულ სიას და თქვენ უახლოეს მომავალში ნახავთ პროპორციულ სიას.ვალდებულებაა, რომც არ გვინდოდეს და ძალიანაც გვინდა, ჩვენ მივიღეთ ეს კანონი, ჩვენ უნდა შევიყვანოთ განსხვავებული სქესის ადამიანი ყოველ 4 კანდიდატში 1. ამიტომ მინიმუმ 1 ქალი 3 კაცთან ერთად სიაში იქნება ყველა ვარიანტში”, – თქვა მდინარაძემ.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა. ცვლილებები გენდერულ კვოტირებასაც მოიაზრებს და გულისხმობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა ამას ფარისევლობად აფასებდა.

მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს 30%-იან დანამატსაც, რომელსაც მიიღებს პარტია, რომელსაც სიის ყოველ ოთხეულში 1 ქალი ეყოლება.

კვოტირების შესახებ ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და პოლიტიკური პარტია გირჩი. ქალთა პარტიის შექმნას და საკონსტიტუციო სასამართლოში დავას აანონსებს ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც.