გარიგება პარლამენტში – უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს თანხმობა პროპორციული წესით არჩეულ ადგილმონაცვლესაც აღარ დასჭირდება

538

წინა სტატია

ავტორი: რუსა მაჩაიძე

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, შეიცვლება პროპორციული წესით არჩეული ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც, – ამის შესახებ 24 მაისს პარლამენტის სესიაზე გახდა ცნობილი, რომელზეც პირველი მოსმენით განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ცვლილებები შედის “საარჩევნო კოდექსსა” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში”.

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მანამდე უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებდა, ახლა მზად არის, ცვლილებებს მხარი იმ შემთხვევაში დაუჭიროს, თუ ის პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრზეც გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილების თანახმად, შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ იქნება საჭირო და  გამარჯვებული კანდიდატი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 11-ე დღეს საკრებულოს წევრი ავტომატურად გახდება. ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში კი იმის გამო დადგა, რომ ბათუმის საკრებულოში შუალედური მაჟორიტარული არჩევნებით გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა დღემდე ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე:

როგორ მოვიპაროთ საკრებულო

საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის პრობლემაა სენაკის საკრებულოშიც, მაგრამ აქ საქმე პროპორციული წესით არჩეული ოპოზიციის წარმომადგენლის ცნობის საკითხს ეხება. ამიტომაც, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას შესთავაზა, იგივე წესი პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატზეც გავრცელდეს და, თუ სენაკშიც, ბათუმის მსგავსად, პრობლემა მოგვარდება, ის ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

პირველად ეს საკითხი ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ საკომიტეტო მოსმენებზე დააყენა. დღეს კი ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზეც განაცხადა.

როგორც ჩანს, წითლიძის ინიციატივაზე მმართველ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამიტომაც, ანრი ოხანაშვილმა გურამ მაჭარაშვილს “შესთავაზა”, რომ ცვლილებები, მაჟორიტართან ერთად, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც გავრცელდეს.

მის ამ ე.წ. შეთავაზებას მაჭარაშვილი, როგორც კანონპროექტის ინიციატორი, ავტორი და წარმდგენი, დაეთანხმა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ პირველი მოსმენით კენჭი ამ დათქმით ეყრება და მეორე მოსმენით კანონპროექტში ასახულიც იქნება. როგორი იქნება ამ საკითხის ფორმულირება, ეს უკვე მეორე მოსმენისთვის გახდება ცნობილი.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ  განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას დადებითად მიიჩნევს და თქვა, რომ ფრაქცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

თუმცა, ეს არის ერთადერთი საკითხი, რაც მმართველმა პარტიამ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გაიზიარა. ყველა სხვა კითხვა და პრობლემა კი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკომიტეტო მოსმენების დროს დაყენებული საკითხები, უპასუხოდ დარჩა.

საბოლოოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი როგორც “ქართულმა ოცნებამ”, ისე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა.