“ოცნების” და ენმ-ის წარმატებული გარიგება, პირველი მოსმენის შემდეგ სრულად შეცვლილი კანონი და საკრებულოსთვის ჩამორთმეული უფლებამოსილება

1560

ავტორი: რუსა მაჩაიძე

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გარიგდნენ, რომ შუალედური არჩევნებით არჩეული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ცნობის პრინციპის პარალელურად, შეიცვლებოდა საკრებულოში პროპორციული წესით არჩეულის ადგილმონაცვლის ცნობის წესიც, კანონპროექტი რამდენიმე საათში რადიკალურად შეიცვალა და დაჩაქარებული წესით სამივე მოსმენითაც მიიღეს.

თუ პირაველი მოსმენით მიღებული პროექტით, შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ იქნებოდა საჭირო და  გამარჯვებული კანდიდატი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 11-ე დღეს საკრებულოს წევრი ავტომატურად გახდებოდა, ორი პარტიის შეთანხმებით, ეს პრინციპი პროპორციული არჩევნებით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზეც გავრცელდებოდა – მომდევნო ორ მოსმენაზე საკანონმდებლო პაკეტი სწორედ ამ ცვლილებით უნდა გამოსულიყო.

თუმცა, 25 მაისს, მეორე და მესამე მოსმენებზე, კენჭი სულ სხვა კანოპროექტს ეყარა – ცვლილებების თანახმად, საკრებულოს საერთოდ ჩამოერთვა მისი წევრების უფლებამოსილების ცნობის უფლება.

კერძოდ, სრულიად ახლებურად ჩამოყალიბდა “საარჩევნო კოდექსის” 135-ე მუხლი, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადებს ადგენს. ამ ცვლილებების თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა დასტურდება;

თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

შეიცვალა საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის წესიც – მისი უფლებამოსილება დაიწყება საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან;

ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილებაც დაიწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სათანადო აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან. კომისია ვალდებულია, აქტის გამოცემის შესახებ აცნობოს შესაბამის საკრებულოს.

ცვლილება შევიდა მერის უფლებამოსილების დაწყების ვადებშიც – ახალარჩეული მერის უფლებამოსილებაც დაიწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადა კვლავ 4 წელია, თუმცა, მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. ასევე, საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით; ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით;

ასევე შეიცვალა საკრებულოში კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების წესი და ჩამოყალიბდა ასე:

  • არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ;
  • პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე;
  • პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან;
  • საკრებულოს წევრობის კანდიდატს შეუძლია ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

თბილისის შემთხვევაში კი საოლქო საარჩევნო კომისიას ცესკო ანაცვლებს. დანარჩენი პრინიციპი იგივეა.

რაც მთავარია, ახალ კანონში წერია გარდამავალი დებულება, სადაც ცალ-ცალკე პუნქტად არის ჩამოყალიბებული, რომ კანონი შეეხება როგორც რიგგარეშე არჩევნებით არჩეულის შესახებ გამოქვეყნებულ ცესკოს შემაჯამებელ ოქმს, ასევე პროპორციული სისტემით ადგილმონაცვლესაც.

ასე დასრულდა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებული გარიგება –  ორივე პარტიის წარმომადგენელი ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში დეპუტატი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებამდე საქმე აღარ მივა, ბათუმის საკრებულო “ოცნების” უმრავლესობით, ხოლო სენაკის საკრებულო ოპოზიციის დომინირებით უმუშავებს. ბონუსად კი, კანონმა საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილება თავისი წევრების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საერთოდ ისე ჩამოართვა, რომ საკითხის ფართო განხილვა არ ჩატარებულა.