ავტორი: რუსა მაჩაიძე
პარლამენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებებს კიდევ უფრო ამცირებს და ისეთი საკითხიც კი, როგრიც საკრებულოს ზოგიერთი წევრის უფლებამოსილების ცნობაა, მისი საქმე აღარ იქნება. კონკრეტულად, საუბარია საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს უფლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კი, შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს არავინ აღარაფერს შეეკითხება და გამარჯვებული კანდიდატი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 11-ე დღეს, საკრებულოს წევრი ავტომატურად გახდება. ცვლილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს, განსაკუთრებით კი, კანონის პარტიულ ინტერესზე მორგების თვალსაზრისით, რაც წინააღმდეგობაშია დემოკრატიის მთავარ პრინციპებთან.
რა და როგორ იცვლება კანონში
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსსა“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. კონკრეტულად:
- ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი კოდექსით, საკრებულოში ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის მაჟორიტარულ ნაწილზე განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, კიდევ სხვა უფლებებთან ერთად, განეკუთვნება „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება“ (მუხლი 24.ბ.გ).
კანონპროექტის თანახმად კი, ეს მუხლი ფორმულირებული იქნება ასე: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობისა) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება“. ანუ, საკრებულოს ერთმევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის უფლება. თუმცა, იგივე წესით არჩეული და სხვის მიერ (ამაზე ქვემოთ) უფლებამოსილებანაცნობი წევრისთვის ამ უფლების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ისევ საკრებულოს პრეროგატივა იქნება;
- რაც შეეხება იმას, თუ ვის ექნება საკრებულოსთვის წართმეული უფლებამოსილება, მმართველი გუნდის ინიციატივით, ეს ცესკო უნდა იყოს. უფრო სწორედ, ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება. კანონპროექტში წერია, რომ საარჩევნო კოდექსის მუხლი 154.7 უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით“.
ამ მუხლის მოქმედ რედაქციაში კი მხოლოდ ის წერია, რომ „შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით“. ანუ, ეს ცვლილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილების ცნობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე და რალურად ნიშნავს იმას, რომ საკრებულოსთვის წართმეული უფლება ეძლევა ცესკოს ამ ოქმის გამოქვეყნებით. ცხადია, ამ ოქმის გამოქვეყნებას თავისი ფუნქცია აქვს, ის ისევ უცვლელი რჩება და ამ ცვლილებასთან კავშირში არ არის.
კანონპროექტით, იგივე ფორმულირებაა თბილისის საკრებულოს შემთხვევაშიც და, რადგან თბილისი ცალკე მუხლებით რეგულირდება, „საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 164.6-ც ასე იქნება ფორმულირებული: „შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან იკავებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით“. მოქმედში კი მხოლოდ ის წერია, რომ „შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით“.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში წერია, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე“ (მუხლი 40.6). ცვლილების თანახმად კი, ეს ასე იქნება ფორმულირებული: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილებისა) იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება იწყება ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ან ვადამდე შეწყვეტისთანავე“.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ საკანონმდებლო ცვლილების მეორე ნაწილი, რომელიც კანონს რეალურად უკუქმედების ძალას აძლევს და პირდაპირ ჩანს მმართველი პარტიის ინტერესი. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლიანობის და დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. პაკეტის ორივე კანონპროექტის მეორე მუხლი ფორმულირებულია ასე: „ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა“.
ცვლილების მიზეზი, საბაბი და დასაბუთება
კანონპროექტების განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობისა და შეწყვეტის საკითხს მოქმედი კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად არეგულირებს. ანუ, საკრებულოს ორივე – პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილებას ცნობს საკრებულო. მერის შემთხვევაში კი „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს“.
ამავე თემაზე: როგორ მოვიპაროთ საკრებულო
მმართველი გუნდის მიერ ეს უსამართლობად არის მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ თვისებრივად განსხვავებულ ორგანებთან გვაქვს საქმე. ანუ, უფრო გასაგები რომ გახდეს, პრეზიდენტის და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი რომ შევადაროთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ერთნაირი მიდგომა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მერთან და მხოლოდ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ნაწილში ერთნაირი მიდგომა უნდა არსებობდეს.
„კანონპროექტის მიზანია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ერთიანი მიდგომისა და სტანდარტის დამკვიდრება, ამ საკითხში არსობრივი განსხვავების აღმოფხვრა და არსებული სამართლებრივი მოწესრიგების გაუმჯობესება“ – წერია განმარტებით ბარათში, მაგრამ რეალურად რა პრობლემას მოაგვარებს, არაფერია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩვნების შემდეგ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე გარდაიცვალა ენმ-ის წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. მისი გარდაცვალების შემდეგ ენმ-ს 14 წევრი დარჩა საკრებულოში, ლელოს – 1 წევრი, გახარიას პარტიას – 2 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი. ამ მოცემულობით კი, „ოცნებას“ ბათუმში უმრავლესობის მოპოვების შანსი გაუჩნდა და ყველაფერი გააკეთეს, რომ ვადამდელ არჩვნებში მათ კანდიდატს გაემარჯვა. თუმცა, ახლა მათი პრობლემა ის არის, რომ საკრებულოს სხომებზე ოპოზიციის წევრები არ მიდიან და ვერ ახერხებენ მათი წევრის უფლებამოსილების ცნობას. შესაბამისად, ვერ ფორმდება მათი უმრავლესობაც.
თუკი პროექტის მეორე ნაწილს გავითვალისწინებთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ცვლილება იმათაც შეეხება, ვინც არჩევნებში გამარჯვებულია, მაგრამ ულებამოსილება არ არის ნაცნობი, ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ განმარტებით ბარათში დასახელებული მიზეზი მხოლოდ საბაბია და რეალური მიზეზი ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობის საკითხია, რათა საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვონ.
შეფასებები – პარტიულ ინტერესს მორგებული კანონმდებლობა
სწორედ ამიტომ სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ მმართველი გუნდის იმ პრობლემის მოგვარებისკენ არის მინმართული, რაც ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობას უკავშირდება.
„ცალსახაა, რომ აღნიშული ცვლილება უკავშირდება ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში შექმნილ კრიზისს, როდესაც თითქმის 6 თვის განმავლობაში ვერ ხერხდება ბათუმის საკრებულოს შეკრება, კვორუმის არარსებობის გამო. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა პრობლემის მარტივად მოგვარება. ეს არის პოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი მორიგი გადაწყვეტილება, საკანონმდებლო რესურსის გამოყენების გზით საკრებულოს კონფიგურაციის გამო შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად. ეს, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თვითმმართველობის იდეას და პლურალისტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მმართველი პარტიის ზრახვას, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვას ძალაუფლების მცირედი შერყევაც კი ადგილობრივ დონეზე. ამასთან, პრობლემურია აღმასრულებელი ორგანოსა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევის წესის შედარება და აღნიშნული ცვლილების ერთიანი სტანდარტისა და მიდგომის დამკვიდრებით დასაბუთება,“ – ამბობს droa.ge-თან საუბრისას ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.
ISED-მა და საია-მ ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებებიც გამოაქვეყნეს, სადაც სწორედ ინიციატივის პოლიტიკურ მოტივებზეა საუბარი.
ნინო დოლიძე droa.ge-თან საუბარში კი პროცედურულ დარღვევაზეც აკეთებს აქცენტს, რაც, ასევე, საკმაოდ პრობლემურია.
„შინაარსთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ფორმა და ვადები. ინიციატივის შესახებ ცალკეული ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშალებებში 7-8 მაისს, თუმცა ამ პერიოდში კანონპროექტი არ ყოფილა განთავსებული საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერზე. ის გასაჯაროვდა 11 მაისს და თარიღდება 4 მაისით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მმართველი პარტია ამკვიდრებს ძალიან საშიშ და მავნე პრაქტიკას, როდესაც დაჩქარებულად, ყოველგვარი განხილვის გარეშე ხორციელდება მსგავსი, ძალიან მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები“ – ამბობს ნინო დოლიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძეც, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს, droa.ge-თან საკმაოდ ბევრ პრობლემას ასახელებს, რაც ამ ინიციატივამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა.
მისი თქმით, „სამწუხაროდ, საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ცდილობს კანონის საკუთარ თავზე მორგებას. დამოუკიდებლობის მერე ყევლა ხელისუფლება ხან კანონებს ირგებს და ხან – კონსტიტუციას. ეს ქვეყანაში გახდა პრაქტიკა, რომელიც ვერაფრით მოვიშალეთ. ახლა კი უკვე ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოარგეს კანონი, რათა ერთი კონკრეტული, მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი მოხვდეს საკრებულოში. ცხადია, ამას თავისი პოლიტიკური წინაპირობა ჰქონდა და ეს ხდება იმიტომ, რომ როგორმე საკრებულო შედგეს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოჰყვება და ა.შ. ეს კი სრულიად მიუღებელია იმიტომ, რომ, მაგალითად, ხვალ რომელიღაცა მაჟორიტარი რომ გავიდეს რომელიმე საკრებულოდან და გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა, ამ ცვლილებას გააუქმებენ? არ შეიძლება, კანონი ერთი ხელის მოსმით შეცვალო საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“.
ასლან ჭანიძე განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მსგავსი ქმედებები პოლიტიკურ რადიკალიზმს უფრო მეტად გაამძაფრებს.
„ეს უფრო გაართულებს პოლიტიკურ სიტუაციას. გასაგებია, რომ საკრებულოს ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საკრებულო არ მუშაობს, ეს ყველა იმ აქტორის დამსახურებაა, ვინც ამ საკრებულოში არის წარმოდგენილი. ხან ერთი არ ესწრებოდა და ხან – მეორე, რითიც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საკრებულოს ფუნქციონირების დაწყებას. ეს ზოგადი პოლიტიკური პრობლემაა, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობაზე და ქალაქზე აისახება. ის, რომ საკრებულო ფაქტობრივად არ არსებობს, ძალიან დიდი პრობლემაა. მეორე მხრივ კი, ისედაც დაძაბული სიტუაცია, რომელიც ბათუმის საკრებულოს ეხებოდა – ოპოზიციამ არჩევნებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა და შემდეგ გარდაიცვალა ერთ-ერთი მაჟორიტარი ოპოზიციიდან და ამაზე არის ეჭვები, რომ ეს იყო პირდაპირ კავშირში მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის, გამოძიება ჩატარდა თუ არა, ვინმე დაისაჯა თუ არა, ან საერთოდ რა ქმედებები განხორციელდა. ამ ყველაფრის გამო, ბათუმის საკრებულოს ისეთი შავი ლაქები აქვს, რომ რომც შეიკრიბოს, კითხვები ყოველთვის იქნება და ამას ყოველთვის გაიხსენებენ. ეს კი, ცხადია, ძალიან ძაბავს ბათუმში პოლიტიკურ სიტუაციას და ახლა ამას ასეთი საკანონმდებლო ცვლილება რომ ემატება, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს დაძაბულობა და საზოგადოების რადიკალიზაცია როგორ გაიზრდება. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ ოპოზიცია საერთოდ აღარ დაესწროს საკრებულოს სხდომას და მივიღებთ სრულად ერთპარტიულ საკრებულოს, რაც ძალიან ცუდია, როგორც ბათუმის მოსახლეობისთვის, ისე ქვეყნისთვის“ – ამბობს ჭანიძე.
ამიტომაც ფიქრობს, რომ პოლიტიკური სპექტრი რაღაც მოქმედებებს განახორციელებს და ამ გადაწყვეტილებას მორჩილად არ შეხვდება.
„ვფიქრობ, რომ არდასწრება და ბოიკოტი მოსალოდნელია. თუმცა, არც აქციების მოწყობას და სხვა საპროტესტო ფორმების გამოყენებას გამოვრიცხავ. ყველაზე პრობლემური კი ის არის, რომ საზოგადოების მხრიდან ისედაც ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და, თუკი ამ ფორმით მოხდება საკრებულოს შეკრება, საკრებულოს ავტორიტეტი მოსახლეობის თვალში უფრო დაეცემა,“ – ამბობს ის.
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას უნდა დაიწყოს. პლენარულ სხდომაზე კი ამ საკითხზე, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იმსჯელებენ. ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი მანამდე უნდა უყაროს, სანამ დღის წესრიგში ბათუმის საკრებულოს დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი დადგება. ამ დრომდე კი საკანონმდებლო ორგანოს სულ რაღაც 3 კვირა დარჩა.