“ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს

1269

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. რუსთავის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ნინო ლაცაბიძეა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს “წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.

“ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”, — თქვა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

დაახლოებით 2 კვირის წინ, 2 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც გენდერულ კვოტებსაც ითვალისწინებს. ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიას პროპორციული სია ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, იქ ქალების ჩასმა მოუწევს, განსხვავებით მაჟორიტარებისგან, სადაც მსგავსი ვალდებულება კანონით არ არის.