არასამუშაო საათებში გაკეთებული განცხადება არ გვეხება – სამგორის გამგეობა გამგებლის ბილწსიტყვაობაზე და “სულიკო კედელაშვილის” კომენტარი

389

ამ დრომდე არ გამოჩენილა სამგორის გამგეობაში გამგებელი, რომელმაც გუშინდელი მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა. გამგეობაში აგრესიით დახვდნენ ჟურნალისტებსაც. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კამერებს გამგეობის ფოიეში გადაღების უფლება არ მისცეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ განმარტება, რატომ გამოიყენა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოქალაქეების მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს,რომ საკითხი გამგეობას არ ეხება, რადგან სამხარაძემ ფეისბუქ სტატუსი არასამუშაო საათებში დაწერა – არასამუშაო საათებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მის პირად ფეისბუქზე გაკეთებულ განცხადებაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ეს არ არის გამგეობის საკითხი – ამბობს პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ 6 საათის შემდეგ საჯარო მოხელეც ადამიანია და პირად “ფეისბუქზე” აზრებს გამოხატავს.  მისი თქმით, რატომ დადო საჯარო მოხელემ 6 საათის შემდეგ შეფასება, მას უნდა ვკითხოთ.

“საჯარო მოხელე არის 6 საათამდე, 6 საათის მერე ხდება ადამიანი, რომელიც სახლში ზის და თავის აზრებს გამოხატავს თავის პირად “ფეისბუქ” გვერდზე. პირად ფეისბუქ გვერდზე მე ვდებ ხანდახან მუსიკალურ ტრეკებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამით საჯარო აზრს გამოვხატავ?! პირადი სივრცეა, მე მის აზრს არ ვიზიარებ, თუ რატომ დადო საჯარო მოხელემ 6 საათის მერე თავისი შეფასება, ეს მას კითხეთ”, – თქვა დავითულიანმა. 

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის თქმით, სამგორის გამგებლის პოსტის შინაარსი არ იცის:

“არა სამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია, არ ვიცი შინაარსი, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

თავად სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე კი ამბობს, რომ სტატუსი, რომლითაც მან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა საჯარო არ იყო. მისივე თქმით, პოსტი მეგობრებზე იყო გათვლილი და როგორც სამხარაძე განმარტავს მეგობრები ერთმანეთს ასე ესაუბრებიან. ამასთან, სამხარაძე ამბობს, რომ სი*ები სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ სამხარაძემ პოსტი უკვე წაშალა, თუმცა, წაშლამდე მისი ამ სტატუსის ქვეშ, კომენტარებში მერიის უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის, სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილი ნუგზარ ჭონქაძისგან კომენტარიც იყო, აქციის მონაწილეები მანაც გალანძღა.