გენდერული კვოტის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია გირჩიც გაასაჩივრებს.
პარტიის ცნობით, კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს სასამართლოში 10 ივლისს, 17:30 საათზე დაარეგისტრირებს.
როგორც პარტია რელიზში წერს, გირჩის პარტიულ სიას პარტნიორები ადგენენ და სია ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ სწორად და სამართლიანად.
“პარტიის პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც გირჩისთვის თუნდაც ერთი ცენტი შეუწირია, ან ერთი ცენტის საქმე გაუკეთებია. ყველა ეს ადამიანი ერთი ცენტის შესაბამისი წვლილის გაკეთებისას გირჩის ერთ აქციას, ერთ GeD-ს (Georgian Dollar) იღებს”. – წერია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიულ სიას კონკრეტული ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, გირჩს მაინც არ მიეცემა შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. გირჩს მიაჩნია, რომ პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას.
“საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ამ ნორმის მოქმედება, ასეთი ვალდებულებით პარტიის რეგისტრაცია არ იქნება სამართლიანი. შეურაცხმყოფელიც კი არის სქესის მიხედვით ადამიანების ასე დაყოფა. პარლამენტში ვინ შეიძლება მოხვდეს და ვინ არა, ამას ხალხი წყვეტს და არავის აქვს უფლება, ასეთი შეზღუდვა დააწესოს”. – ამბობს გირჩის იურისტი, ლევან ჯგერენაია.
გენდერული კვოტირების შესახებ საარჩევნო კოდექსში ჩანაწერს საკონსტიტუციო სასამართლოში თავისუფლების ინსტიტუტიც გაასაჩივრებს. მათ გარდა საჩივრის წარდგენას გეგმავს ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი. სწორედ ამ მიზნით თამარ ჩერგოლეიშვილმა ცოტა ხნის წინ პარტიის დაფუძნება დააანონსა.
ტაბულას მთავარ რედაქტორს სურს, რომ მისი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული სრულად ქალებით იყოს დაკომპლექტებული, გენდერული კვოტების შესახებ ჩანაწერი კი მას ზღუდავს.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები სავალდებულო გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.
“თვითმმართველობის არჩევნებზე კი, სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის”. – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.