პოსტიდან გადამდგარი მერის მოადგილე მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს

539

წინა სტატია

ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე, ნინო თვალთვაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 14 ივლისს გააკეთა, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქში” დაწერა.

“ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ!” – წერს თვალთვაძე.

ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ თანამდებობა 14 ივლისს დატოვა.

თვალთვაძე მერის მოადგილედ ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 2017 წელს, გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად, წარადგინა.

მანამდე ის “საიას” ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე და “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს” ხელმძღვანელი გახლდათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. 

მანამდე, 2019 წლის ბოლოს, თანამდებობიდან, ასევე, წავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელიც საკრებულოში რიგით დეპუტატად დარჩა, თუმცა, 4 დღის წინ მან საკრებულოს წევრობაზეც უარი თქვა.

საგულისხმოა, რომ ჭიღვარიას წასვლის შემდეგ მალევე, 2020 წლის მაისში, თანამდებობები დატოვეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ლევან კინწურაშვილმა და ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.