ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
ქუთაისი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 14 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა, ანდრია სინაურის სახელობის ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურის განყოფილება, N8 საბავშვო, N4, N8, N13, N14, N17, N18, N20, N22, N25 საქალაქო ბიბლიოთეკები, ასევე, დეპოზიტარული-გაცვლითი ფონდის განყოფილება.
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში არსებულ არცერთ ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია არ ჩატარებია და არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ჯამში 4 314 541 ლარით დააფინანსა და ეს თანხა ყოველწლიურად მზარდი იყო. წლების მიხედვით დაფინანსება ასეთი იყო: 2018 წელი – 714 546 ლარი, 2019 წელი – 829 300 ლარი, 2020 წელი – 831 319 ლარი, 2021 წელი – 913 376 ლარი, 2022 წელი – 1 026 000 ლარი.
ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად კი მერიამ 146 583 ლარი გამოყო. აქედან 2018 წელს – 27 653, 2019 წელს – 26 615, 2020 წელს – 30 785, 2021 წელს – 30 730, 2022 წელს კი – 30 800 ლარი დაიხარჯა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 10 მოქმედი ბიბლიოთეკაა: საქალაქო N1 და N5 ბიბლიოთეკები, საბავშვო ბიბლიოთეკა, გომის, საჯავახოს, ღანირის, დაბა კულაშის, ჯიხაიშისა და ბაშის ბიბლიოთეკები.
მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში 10 ბიბლიოთეკიდან რეაბილიტაცია არ ჩატარებია არცერთს. არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.
ამ ხუთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები 433 900 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 78 100 ლარით, 2019 წელს – 80 600 ლარით, 2020 წელს – 88 500 ლარით, 2021 წელს – 89 400, ხოლო 2022 წელს – 97 300 ლარი გამოიყო. როგორც ხედავთ, დაფინანსება აქაც მცირედით, მაგრამ მაინც მზარდი იყო.
2018-2021 წლებში მერიის მიერ წიგნების შესაძენად გამოყოფილმა თანხამ 16 232 ლარი შეადგინა. აქედან 2018 წელს – 2 798, 2019 წელს – 3 784, 2020 წელს – 5 000, 2021 წელს კი – 4 650 ლარი გამოიყო. რაც შეეხება 2022 წელს, მერიას წიგნების ფონდისთვის წელს თანხა არ გამოუყვია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15 მოქმედი ბიბლიოთეკაა: ცენტრალური ბიბლიოთეკა, N1 საქალაქო ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, 12 სასოფლო ბიბლიოთეკა და ორი წიგნსაცავი.
2020 წელს N1 საქალაქო ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ნაწილობრივ ჩაუტარდა, რომლის ღირებულებაც 22 780 ლარს შეადგენდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წელს იგეგმებოდა სოფელ კვალითის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაც, რომლისთვისაც 2 317 ლარი დაიხარჯებოდა.
2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები 813 768 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 144 468 ლარით, 2019 წელს – 154 500 ლარით, 2020 წელს – 153 400 ლარით, 2021 წელს – 161 800 ლარით, ხოლო 2022 წელს – 199 600 ლარით.
როგორც მუნიციპალიტეტიდან მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად ზესტაფონის მერია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5000 ლარს ხარჯავს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 ბიბლიოთეკაა: ცენტრალური ბიბლიოთეკა, პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკა და საბავშვო ბიბლიოთეკა, თეთრაწყაროს, კიცხის, ხიდარის, ვარძიის, წყალაფორეთის, ბაზალეთის, სარგვეშის, საბეს, ღორეშის, ხევის, ნადაბურის, ბორითის, ვერტყვიჭალის, ლაშის, საღანძილის, ლეღვანის, ვახანის, მარელისისა და წიფის ბიბლიოთეკები.
როგორც მერია იტყობინება, 2018-2022 წლებში 25 ბიბლიოთეკიდან რეაბილიტაცია არცერთს არ ჩატარებია; არ აშენებულა ახალი ბიბლიოთეკაც.
რაც შეეხება ბიბლიოთეკების დაფინანსებს, ბოლო ხუთ წელში მერიამ ისინი ჯამში 580 500 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 108 000 ლარით, 2019 წელს – 115 000 ლარით, 2020 წელს – 116 500 ლარით, 2021 წელს – 148 000 ლარით, ხოლო 2022 წელს – 93 000 ლარით.
წიგნების ფონდის შესავსებად ხარაგაულის მერიამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 20 098 ლარი დახარჯა. აქედან 2018 წელს – 8 232, 2019 წელს – 3 477, 2020 წელს – 3 789, 2021 წელს – 3 100, 2022 წელს კი – 1 500 ლარი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 4 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: თერჯოლის საჯარო ბიბლიოთეკა, საბავშვო განყოფილება; სოფელ სიქთარვისა და ჭოგნარის ბიბლიოთეკები.
როგორც მერია იტყობინება, 2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა და არც რომელიმე მოქმედს ჩატარებია რეაბილიტაცია.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკები ჯამში 624 800 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 98 000 ლარით, 2019 წელს – 130 800 ლარით, 2020 წელს – 120 000 ლარით, 2021 წელს – 128 000 ლარით, ხოლო 2022 წელს – 148 000 ლარით.
რაც შეეხება წიგნების ფონდის შესავსებად გამოყოფილ თანხებს, ამისთვის მერიამ 5 წლის განმავლობაში 8 800 ლარი გამოყო. აქედან 2018 წელს – 2 200 ლარი, 2019 წელს – 2 500 ლარი, 2021 წელს – 2 300 ლარი, 2022 წელს – 1 800 ლარი. როგორც ირკვევა, 2020 წელს ამ მიმართულებით არცერთი თეთრი არ დახარჯულა.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტში 17 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის ბიბლიოთეკა, საბავშვო განყოფილება, სოფლების: ქორეთის, კორბოულის, პერევის, გორისის, მერჯევის, არგვეთის, ჭალოვანის, ჭალის, სპეთის, მოხვის, სარეკის, ჯალაურთის, ჩიხის, ჭორვილისა და საირხის ბიბლიოთეკები.
ამ ბიბლიოთეკებიდან ორი – გორისისა და ჭალის ბიბლიოთეკები ამავე სოფლების ადმინისტრაციულ შენობებში 2018 წელს განთავსდა. 2020 წელს სოფელ არგვეთში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაიწყო, სადაც, ასევე, ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს, თუმცა, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2020 წელს ჩიხის, ხოლო 2021 წელს ქორეთის, მერჯევის, ჭალოვანისა და ჯალაურთის ბიბლიოთეკები გარემონტდა.
2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 895 300 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 156 000 ლარი, 2019 წელს – 157 200 ლარი, 2020 წელს – 187 800 ლარი, 2021 წელს – 187 800 ლარი, 2022 წელს – 206 500 ლარი.
რაც შეეხება წიგნების ფონდის შესავსებად გამოყოფილ თანხებს, ამისთვის მერიამ ჯამში 23 900 ლარი დახარჯა. აქედან 2018- 2019 წლებში წლიურად 4 600-4 600 ლარი, ხოლო 2020-2022 წლებში – 4 900-4 900 ლარი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 20 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: N1 და N2 საბავშვო ბიბლიოთეკები, N3 ახალგაზრდული ბიბლიოთეკა, N5 საქალაქო ბიბლიოთეკა, გურნის N10, ციხიის N11, კურსების N14, გელათის N13, მუხურის N18, საწირის N25, სოჩხეთის N30, ძუყნურის N36, ჯვარისის N38, ორპირის, ჭყეპის, დაბაძვლის, ცუცხვათისა და ხრესილის ბიბლიოთეკები.
2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არ ჩაუტარდა და არ აშენებულა ახალი ბიბლიოთეკა.
როგორც ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მთლიანად ა(ა)იპ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტის გაერთიანებას” აფინანსებს, რომელშიც ასევე შედის ბიბლიოთეკებიც.
რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ – 2019 წელს, 177 წიგნის შესაძენად, 1 600 ლარი გამოყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 29 ბიბლიოთეკაა: მთავარი ბიბლიოთეკა, ც/ბიბლიოთეკის აბონემენტი, N1, N2, N3, N4, N5, N6 განყოფილებები, ხრეითის N1 და N2, ასევე, ხრეითის იუსტიციის სახლთან არსებული ბიბლიოთეკა,სოფელ პერევისის, ეწერის, წირქვალის, კაცხის, თაბაგრების, თვალუეთის, სვერის, ცხრუკვეთის, ზოდის, დარკვეთის, მანდაეთის, ხვაშითის, ქვაციხის, ნიგოზეთის, რცხილათის, ითხვისის, მორძგვეთის, ბერეთისისა და წირქვალის ბიბლიოთეკები.
როგორც მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, 2018 წელს რეაბილიტაცია N1 და N2 განყოფილებებს ჩაუტარდათ და მასზე 3 357 ლარი დაიხარჯ, 2019 წელს – მთავარ ბიბლიოთეკას, ც/ბიბლიოთეკის აბონემენტს, პერევისისა და წირქვალის ბიბლიოთეკებს (დახარჯული თანხა: 9 679 ლარი), 2020 წელს კი – N1 განყოფილებას და მასზე 3 498 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსებამ 1 395 332 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 234 344 ლარი, 2019 წელს – 291 968 ლარი, 2020 წელს – 268 163 ლარი, 2021 წელს – 285 857 ლარი, ხოლო 2022 წელს – 315 000 ლარი გამოიყო.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წიგნების ფონდის შესავსებად მერიამ 5 340 ლარი დახარჯა. თუმცა, ეს თანხა, რეალურად მხოლოდ 2 წელსაა გამოყოფილი: 2018 წელს – 3 380 და 2021 წელს – 1 960 ლარი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 30 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, სოფლების: წყალტუბოს, მეორე უბნის, ქვილიშორის, ცხუნკურის, გვიშტიბის, პირველი წყალტუბოს, გუბისწყალის, გუმბრის, მაღლაკის, ფარცხანაყანევის, მუხიანის, ქვიტირის, გეგუთის, პატრიკეთის, ტყაჩირის, ოფშკვითის, საყულიის, რიონის, ოფურთხეთის, ჟონეთის, მექვენის, დერჩის, დღნორისის, საჩხეურის, ლეხინდრისთავი, ჭაშლეთის და ხომულის ბიბლიოთეკები.
2018-2022 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი ბიბლიოთეკა არ გახსნილა. რეაბილიტაცია და კაპიტალური რემონტი კი, მერიის ინფორმაციით, ჩაუტარდა 6 ბიბლიოთეკას და ჯამში 30 500 ლარი დაიხარჯა. ეს ბიბლიოთეკებია:
- საყულიის ბიბლიოთეკა, სადაც მოეწყო ანტრესოლი, შეიცვალა იატაკის საფარი, ჭერი, ფანჯრები. რეაბილიტაციის ღირებულება 13 600 ლარი;
- ცხუნკურის ბიბლიოთეკა, სადაც შეიცვალა იატაკი, კარ-ფანჯარა, შეიღება კედლები.რეაბილიტაციის ღირებულება 2800 ლარი;
- სოფელ წყალტუბოს ბიბლიოთეკა, სადაც შეიცვალა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის ღირებულება 2100 ლარი;
- ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა – თანადაფინანსებით “სილქ-ქროთ გრუპთან” ერთად, სრულად განახლდა ბიბლიოთეკა, შეივსო წიგნადი ფონდით და აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით;
- საბავშვო ბიბლიოთეკა, სადაც ჩატარდა რემონტი. რემონტის ღირებულება 8 500 ლარი;
- მეორე უბნის ბიბლიოთეკა, სადაც გამოიცვალა კარ-ფანჯარა და შეილესა ფასადი. რეაბილიტაციის ღირებულება 3 500 ლარი;
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკები ჯამში 701 288 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 135 822 ლარით, 2019 წელს – 164 395 ლარით, 2020 წელს – 136 180 ლარით, 2021 წელს – 159 960 ლარით, 2022 წელს კი – 104 931 ლარით.
საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ წყალტუბოს მერიამ მხოლოდ 2019 წელს უსინათლო მკითხველთათვის 12 აუდიოწიგნი შეიძინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სულ 6 ბიბლიოთეკაა: ჯ. ღვინჯილიას სახელობის ბაღდათის საჯარო ბიბლიოთეკა, პირველი ობჩის, მეორე ობჩის ბიბლიოთეკა, წითელხევის, ზეგნისა და დიმის ბიბლიოთეკები.
2018 წელს ობჩისა და წითელხევის ბიბლიოთეკები გაიხსნა, ხოლო, 2020 წელს – მეორე ობჩისა და ზეგნის ბიბლიოთეკები. მერიის ინფორმაციით, ბიბლიოთეკები მშენებლობა/რეაბილიტაციაზე თანხები არ დახარჯულა, რადგან ისინი სოფლების ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული.
2018-2022 წლებში ბაღდათის მერიამ ბიბლიოთეკები ჯამში 56 980 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 10 250 ლარით, 2019 წელს – 10 550 ლარით, 2020 და 2021 წლებში – 11 150-11 150 ლარით, ხოლო 2022 წელს – 13 880 ლარით.
მერიის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაძენად 8 660 ლარი გამოიყო. აქედან 2018 წელს – 1 450 ლარი, 2019 წელს – 1 390 ლარი, 2020 წელს – 1 850 ლარი, 2021 წელს – 2 190 ლარი, 2022 წელს კი – 1 780 ლარი.
ამ თანხებით შეძენილია:
- 2018 წელს – 350 წიგნი, 1 100 ჟურნალ-გაზეთი;
- 2019 წელს – 90 წიგნი, 1 300 ჟურნალ-გაზეთი;
- 2020 წელს – 550 წიგნი, 1 300 ჟურნალ-გაზეთი;
- 2021 წელს – 840 წიგნი, 1 350 ჟურნალ-გაზეთი;
- 2022 წელს – 280 წიგნი, 1 500 ჟურნალ-გაზეთი;
ხონის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტში 16 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა, ივანდიდის, მათხოჯის, ახალბედისეულის, დედალაურის, კინჩხის, გორდის, ნახახულევის, გ/ჯიხაიშის, კუხის, გუბის, ქუტირის, ძეძილეთის, უხჩის, გელავერისა და ღვედის ბიბლიოთეკები.
მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სუხჩის, ქუტირისა და გუბის ბიბლიოთეკებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკები ჯამში 615 000 ლარით დააფინანსა. კერძოდ, მერიამ 2018-2021 წლებში წლიურად 122 500 ლარი გამოყო, ხოლო, 2022 წელს – 125 000 ლარი.
რაც შეეხება წიგნების ფონდის შესავსებად განკუთვნილ თანხებს, მერიამ ამისთვის 21 106 ლარი გამოყო. აქედან 2018 წელს – 4 500 ლარი, 2019 წელს – 4 344 ლარი, 2020 წელს – 4 312 ლარი, 2021 წელს – 3 000 ლარი და 2022 წელს – 4 950 ლარი.
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტში სულ 3 ბიბლიოთეკაა: გიორგი ძიგვაშვილის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფელ შუამთისა და სოფელ ზეინდარის ბიბლიოთეკა.
მერიის ინფორმაციით, 2019 წელს რეაბილიტაცია გიორგი ძიგვაშვილის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკას ჩაუტარდა, რომლის ღირებულებაც 41 959 ლარს შეადგენდა.
2018-2022 წლებში ვანის მერიამ ბიბლიოთეკებს ჯამში 379 700 ლარის დაფინანსება გამოუყო. კერძოდ, 2018 წელს – 68 400 ლარი, 2019 წელს – 75 500 ლარი, 2020 წელს – 72 400 ლარი, 2021 წელს – 73 800 ლარი, ხოლო 2022 წელს – 89 600 ლარი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად მერიამ 9 400 ლარი გამოყო. აქედან 2018 წელს – 1 600 ლარი, 2019 წელს – 2 300 ლარი, 2020 წელს – 1 900 ლარი, 2021 წელს – 2 000 ლარი და 2022 წელს – 1 600 ლარი.