რატომ არ მუშაობს გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოები – ქუთაისის მერიის განარტება

447

ქუთაისში ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები ერთ თვეზე მეტია დამონტაჟებულია, თუმცა ჯერჯერობით არ მუშაობს. როდის ამოქმედდება ელექტრონული საინფორმაციო დაფები მერიაში ზუსტად არ იციან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, ტაბლოები, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ჩართონ.

ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი ელექტროენერგიაა, რომელიც ტაბლოებამდე მიყვანილი ჯერ კიდევ არ არის.

“დენის ერთადერთი მიმწოდებელი ქალაქის მასშტაბით არის „ენერგო პრო“. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შპს „ქართული მიკროელექტრონიკა“ ვალდებულია, მოაწყოს ტაბლოები და უზრუნველყოს ხარჯების დაფარვა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის მიყვანასთან ამ ტაბლოებამდე. ანუ, შპს-მ უნდა გადაუხადოს „ენერგო პროს“ და შემდეგ ამ უკანასკნელმა დააერთოს. მიმდინარე მდგომარეობით, ეს ხელშეკრულება უკვე ფორმდება. დენის დაერთებიდან ორ დღეში ტაბლოები გაეშვება“, – განმარტავს  მირზა ხიდაშელი.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალწლიანი დაპირების შესრულება მას შემდეგ მოახერხა, რაც პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში შეირჩა. შესაბამისად, ტაბლოების მოწყობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაზედაც ელექტრონული ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. ქალაქში 108 საინფორმაციო ტაბლოს მოსაწყობად ტენდერის გზით შერჩეულმა შპს “ქართული მიკროელექტრონიკამ”  898 283 ლარი მიიღო.