ზუგდიდის საკრებულოს რეგლამენტით არ არის დაზუსტებული, საკრებულოს წევრის
მიერ სხდომის გაცდენისას რა შემთხვევა ითვლება არასაპატიო მიზეზად, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.
“საკრებულოს რეგლამენტი ეყრდნობა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ იგი “არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში”.
ზუგდიდის საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საკრებულოს და კომისიის
სხდომების გაცდენის მიზეზი განმარტებულია შემდეგნაირად – “არა”, რაც სავარაუდოდ ის შემთხვევაა, როდესაც წევრი საკრებულოს ან/და კომისიის სხდომის გაცდენისას არ
იმყოფება შვებულებაში ან სამსახურეობრივ მივლინებაში.
მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში:
საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები 965-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 918-ჯერ
– არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა (57 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, გელა თოლორაიამ გააცდინა. გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან – ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი ოთარ მარშავა (44 სხდომა) და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე დავით შელია (42 სხდომა). დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
მონაწილეობა საკრებულოს კომისიების სხდომებში: საკრებულოს წევრები აცდენენ კომისიების სხდომებსაც. ჯამში გაცდენის 1012 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 993-ჯერ – არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრთა შორის კომისიის ყველაზე მეტი სხდომა (72 სხდომა) არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.
კომისიის სხდომის გაცდენების რაოდენობითლიდერებს შორის არიან – მალხაზ ციკუტანია (67 სხდომა) – ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე (63 სხდომა).
კომისიის წევრები არ არიან და შესაბამისად, კომისიის სხდომებში კომისიის წევრის
სტატუსით არ მონაწილეობენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მისი
მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.