TI: ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

789

სტატიის გაგრძელება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საქმიანობის შეფასება წარადგინა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ანგარიში ეფუძნება ორგანიზაციის მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.

კვლევის საანგარიშო პერიოდია 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით

ძირითადი მიგნებები

  • ზუგდიდის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური იყო;
  • საანგარიშო პერიოდში ზუგდიდის საკრებულომ 65 სხდომა გამართა, რომელთა ნახევარზე მეტი – 40 სხდომა  რიგგარეშე იყო;
  • ამავე პერიოდში ზუგდიდის საკრებულომ 189 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 146 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 43 დადგენილებისა კი –  საკრებულო;
  • საკრებულოს 50 წევრს შორის მხოლოდ 7 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 14%-ია;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის მდგომარეობით 4-მა თანამდებობის პირმა ხარვეზებით შეავსო;
  • ამავე პერიოდში საკრებულოს ექვსი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ორმა – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” და “კონსერვატორებმა” წარადგინეს, ფრაქციებს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “მრეწველები”, “მწვანეები” და “ევროპული საქართველო”  საკრებულოსთვის ერთი ინიციატივითაც კი არ მიუმართავთ;
  • ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლების პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 582,032 ლარი შეადგინა;
  • ზუგდიდის საკრებულოში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის სამოქმედო გეგმა საკრებულომ 2019 წლის 5 აპრილს დაამტკიცა, შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობის ნაწილი ამ კვლევის საანგარიშო პერიოდის შემდგომ დროზეა გათვლილი;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომები ყველა წევრმა გააცდინა. ჯამურად საკრებულოს სხდომები 965-ჯერ გააცდინეს, მათ შორის, 918-ჯერ – არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრები კომისიების სხდომებში 1012-ჯერ არ მონაწილეობდნენ, მათგან 993 არასაპატიო მიზეზით გააცდინეს;
  • საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა (57 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, გელა თოლორაიამ გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა (72 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ამავე ფრაქციის წევრმა წევრმა ირაკლი ღურწკაიამ გააცდნა;
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ზუგდიდის საკრებულოში გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ  1,952,557 ლარი შეადგინა, ფულადი ჯილდოს სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ჯამში 26,700  ლარი მიიღეს;
  • ამავე პერიოდიში ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო  ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა გამოავლინოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები;
  • საკრებულომ უნდა გააკონტროლოს გაცემული რეკომენდაციების, მათ შორის საკრებულოში არსებული დროებითი სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესი, იზრუნოს თითოეული რეკომენდაციის შესასრულებლად.

საკრებულოს სხდომები:

  • ზუგდიდის საკრებულომ უნდა დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, რადგან ეს ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას, ინტერესთა ჯგუფების მობილიზებას, სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადებას, სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობას.

ანგარიშვალდებულება:

  • უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრება. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს წევრს, სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებიც დაეკისროს;
  • თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად და უხარვეზოდ შეავსონ.

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.

საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორინეტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე.