თეთრიწყაროში შეზღუდვები, სავარაუდოდ, 4 ივნისს მოიხსნება

900

თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, 4 ივნისს მოიხსნება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თეთრიწყაროში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 21 მაისს დაფიქსირდა.

“თეთრიწყაროში ბოლო დადასტურებული შემთხვევა იყო 21 მაისს. 21 მაისიდან 2 კვირიანი საინკუბაციო ვადა იწურება 4 ივნისს. ჩენ ვთქვით რომ ორშაბათის კვირაში აუცილებლად იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და თუ ასე გაგრძელდა სავარაუდოდ, ხუთშაბათს თეთრიწყაროში შეზღდვები მოიხსნება ” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების სულ 55 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 796 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.