მარნეულის მერიამ სოციალური სასურსათო პაკეტების დარიგება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დაგვიდასტურა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„დახმარებები ამ ეტაპზე დავასრულეთ, რადგანაც 18-დან მარნეული და ეკონომიკაც ნელ-ნელა იხსნება. მაგრამ ვნახოთ, სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ,“- აცხადებს დარგალი.
მარნეულის მასშტაბით სულ 10 330 სასურსათო კალათა დარიგდა. აღნიშნული ინფორმაცია მერიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მარნეულის წითელზონად გამოცხადებიდან დღემდე, გატარებული საპრევენციო ღონისძიებები შეაჯამეს, ადილ ალიევმა თქვა. სამუშაო თათბირის ვიდეო მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„მარნეულის წითელზონად გამოცხადების დღიდანვე ჩვენ დავიწყეთ მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტების მიწოდება. ჯამში 10 330 შეკვრა პროდუქტი იყო გაცემული. აქედან 7 500-მა მოქალაქემ მიიღო ერთჯერადად, ხოლო 1 300-მა მიიღო მრავალჯერადი დახმარება“
მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა თქვა, რომ 10 330 სასურსათო პაკეტიდან 8 500 მერიამ შეიძინა დანარჩენი კი სხვადასხვა კომპანიებმა და ადამიანებმა შემოწირეს. რადიო „მარნეული“ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არკვევს თუ რა რაოდენობის თანხა დახარჯა მუნიციპლიტეტმა ამ მიმართულებით.
„ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე სოციალურ დახმარებას იღებდა და შემდგომ გაუუქმდა დახმარება, ის ადამიანები ვინც თვითიზოლაციაში იყვნენ და ასევე მარტოხელა მოხუცები, ვისაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია, თუმცა ჩვენ ასევე დავეხმარეთ სხვა კატეგორიის ადამიანებსაც, რადგან მათგან მოთხოვნა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ პენსიონერები ან ადამიანები ვინც იღებენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ა.შ“ – თქვა ზაურ დარგალმა 27 აპრილს.
ერთ სასურსათო პაკეტში შედის შედის, დაახლოებით, 1,8 კგ მაკარონი, 1 კგ ბრინჯი, 1 კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 1 შეკვრა ჩაი, 4-5 კგ ფქვილი და 2 პური.
საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. მარნეულში კარანტინის რეჟიმი 18 მაისს უნდა მოიხსნას.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.