ქუთაისის საკრებულოშო ხმაური იყო. ოპოზიციის ინიციატივას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლებასა და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობს, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლებას და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას არ გეგმავს.
რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.