ჯანდაცვის სამინისტრო, სამი დღის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის თუ როგორ და რა რეგულაციების დაცვით უნდა განაახლოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. შესაძლოა, მეტრომ და ავტობუსებმა მუშაობა 22 მაისის შემდეგ განაახლონ.
მგზავრობისას მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. მუდმივად განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი, რა საშუალებით ამაზე სამინისტროში ჯერ კიდევ მსჯელობენ. რაოდენობის მგზავრების გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერჯერობით უცნობია.
მთავარ რეკომენდაციებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა