ხაშურში მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე მსჯელობენ

384

ხაშურში მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე მსჯელობენ. საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი გზაა მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად.  ამ საკითხზე ლიპარტელიანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ხაშურში ერთ-ერთ პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ამ პრობლების გადასაჭრელად ვმუშაობთ. მართალია, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, როგორც მითხრეს, ერთი ავტობუსი რომ შევიძინოთ, 200 000 ლარია საჭირო, თუმცა ეს ავტობუსები აუცილებელია, რომ შევიძინოთ”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს დასაქმებაში და განათლების მიღებაშიც უშლით ხელს.

“არის სოფლები, სადაც ავტობუსები საერთოდ არ დადის ან თუ დადიან, შეზღუდული გრაფიკით, რაც პრობლემას უქმნის სოფლის მაცხოვრებლებს. მაგალითისთვის, ახალგაზრდები, რომლებიც ხაშურში მუშაობენ, სპორტზე ან სხვა წრეებზე დადიან, მათ გადადგილების პრობლემები ექმნებათ, ავტობუსების გრაფიკის გამო. ქალაქში ჩამოსულები უკან ვეღარ ბრუნდებიან, მათ კი ამის გამო დასაქმებაში ეშლებათ ხელი. მოგეხსენეათ, რომ ხაშურში ბევრად ადვილია ახალგაზრდის დასაქმება, ვიდრე იმ სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამიტომ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა”, – თქვა ლიპარტელიანმა.