თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში სატრანსპორტო დერეფნების მოწყობით, ავტობუსების მოლოდინის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
„სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შემდეგ საშუალო მოლოდინის დრო დაახლოებით 7-8 წუთზე უნდა დავიდეს, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში, იმ ადგილებში, სადაც მგზავრთნაკადის მაღალი მაჩვენებელია, 18-მეტრიანი ავტობუსები 2-3 წუთში ერთხელ ივლიან. ამ ავტობუსების მგზავრთტევადობა დიდია, რაც დიდ შეღავათს მისცემს დედაქალაქს და მგზავრებს“, – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რაც მგზავრთგადაყვანაში დღეს არსებულ გამოწვევებს აღმოფხვრის.
„რეკორდულ დროში შევძელით ბევრი რამის გაკეთება. თუ პანდემიის პერიოდს გამოვაკლებთ, რეალურად ეს ყველაფერი 3 წელიწადში გაკეთდა. შარშან პანდემიის პერიოდის შემდეგ დაანონსებული იყო, რომ 2023 წლის ბოლომდე ამ 10 ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა დასრულდებოდა, შესაბამისად 2023 წლის ბოლომდე ეს დერეფნები დასრულდება.
ჩვენ გვაქვს 13 პრობლემური კვანძი, სადაც ავტობუსების შეფერხება ხდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100 000-მდე მგზავრის გადაყვანას ვერ ახერხებს. ეს 13 დერეფანი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, და რა მოლოდინის დროებიც გვაქვს ავტობუსების შემთხვევაში, რომელსაც ვერ ვასრულებთ, ესეც დარეგულირდება“, – თქვა წილოსანმა.